Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებმა ძალის გამოყენებით დაშალეს ქალების მშვიდობიანი დემონსტრაცია ქაბულში

თალიბანის მეომრებმა ძალის გამოყენებით დაშალეს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ქალების ჯგუფის მიერ გამართული მშვიდობიანი აქცია, რომლის მონაწილეები ითხოვდნენ „პურს, სამსახურსა და თავისუფლებას“. თალიბებმა ჰაერში ისროლეს და აქციის მონაწილეებს სცემეს.

13 აგვისტოს 40-მდე ქალმა გაიარა მარშით განათლების სამინისტროს შენობასთან, სანამ თალიბანი დაშლიდა დემონსტრაციას.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები და ვიდეო მოწმობს, რომ თალიბების ძალები გამაფრთხილებელ გასროლებს ახორციელებენ ჰაერში და ფიზიკურად უსწორდებიან ქალებს. ზოგიერთ ქალს თალიბი მებრძოლები დაედევნნენ და მათ ავტომატების კონდახებით სცემეს.

ავღანეთის დამოუკიდებელი ჟურნალისტების ასოციაციის ცნობით, თალიბებმა ასევე სამი უცხოელი ჟურნალისტი და ერთი ავღანელი მუშა დააკავეს საპროტესტო აქციის გაშუქებისთვის, კიდევ ორი ადგილობრივი ჟურნალისტი მსუბუქად დაიჭრა.

Amnesty International-მა შეშფოთება გამოხატა ცნობების გამო, რომ თალიბებმა „გადაჭარბებული ძალა“ გამოიყენეს ქალების დასაშლელად. როგორც ორგანიზაცია იტყობინება ტვიტერში, ქალები „მშვიდობიანად მართავდნენ საპროტესტო აქციას საკუთარი უფლებების მოსათხოვად“.

ვიდეოზე, რომელიც სავარაუდოდ მარშის დროსაა გადაღებული, აღბეჭდილია, როგორ მიჰქონდათ ქალებს ტრანსპარანტები და პლაკატები, რომლებითაც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას ითხოვდნენ. ისინი სკანდირებდნენ: „სამართალი, სამართალი. მოგვბეზრდა უგუნურება.“

XS
SM
MD
LG