Accessibility links

site logo site logo

უკრაინის დაზვერვა ზაპოროჟიეს აეს-ის მახლობლად პროვოკაციებზე იტყობინება


13 აგვისტოს უკრაინისა და რუსეთის მხარეებმა კვლავ დაადანაშაულეს ერთმანეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებაში. სხვადასხვა ინფორმაციით, ელექტროსადგურს უკანასკნელი კვირის განმავლობაში პერიოდულად უშენდნენ ცეცხლს.

ატომური ელექტროსადგური, რომელიც ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, უკრაინასა და მთელს ევროპაში უდიდეს ასეთ სადგურად ითვლება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცოტა ხანში ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის სამხედროებმა დაამყარეს კონტროლი.

ოკუპირებული ენერგოდარის უკრაინული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრო ორლოვმა შაბათს ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა ქალაქის ერთ-ერთი რაიონიდან კვლავ გახსნეს ცეცხლი ელექტროსადგურის მიმართულებით.

უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ შაბათს განაცხადა, რომ რუსეთის არმიის ახალი საარტილერიო დარტყმის შედეგად დაზიანებულია ელექტროსადგურის ერთ-ერთი ბლოკი, რომელიც მთელი ობიექტის უსაფრთხოებისთვის არის პასუხისმგებელი.

ადრე უკრაინის მხარე აცხადებდა, რომ 5 აგვისტოს ელექტროსადგურის მიმართულებით იერიშის შედეგად დაზიანდა კაბელი, რის შედეგადაც მუშაობა შეწყვიტა ერთ-ერთმა რეაქტორმა, ხუთშაბათს კი იერიშმა დააზიანა რადიაციის სენსორი.

ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელმა ვლადიმირ როგოვმა შაბათს უკრაინის ძალებს ბრალი დასდო ატომური ელექტროსადგურისა და ენერგოდარისთვის ცეცხლის გახსნაში.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 13 აგვისტოს აღნიშნა, რომ „რუსეთი ცეცხლს უშენს ატომური ელექტროსადგურის იმ ნაწილს, საიდანაც ხდება ენერგიით სამხრეთ უკრაინის მომარაგება“. „მიზანია ელექტროსადგურისგან ჩვენი გამოთიშვა და ამაში უკრაინის შეიარაღებული ძალების დადანაშაულება. გაერო და ატომური ენერგეტიკის სააგენტო ჭერში იყურებიან,“ დაწერა პოდოლიაკმა ტვიტერში.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მასთან დაკავშირებული ბირთვული კატასტროფის თაობაზე შიში მიმდინარე კვირის დამდეგს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის მიზეზი გახდა. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში გამოვიდა მოწოდებით, ელექტროსადგურის მახლობლად შეწყდეს ყოველგვარი სამხედრო მოქმედებები, გაყვანილ იქნეს ნებისმიერი სამხედრო პერსონალი და ტექნიკა და სადგურში დაუყოვნებლივ დაუშვან ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მისია.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ავარიის უშუალო საფრთხე არ არის, მაგრამ ვითარება ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG