Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწამს, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა აახლოებს სახელმწიფოს ერთად შენების დღეს - ღარიბაშვილი აფხაზეთის ომის 30-ე წლისთავზე


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულ მოვლენას უწოდებს აფხაზეთის ომს, რომელიც 30 წლის წინ, 14 აგვისტოს დაიწყო. პრემიერი ომში ორივე მხრიდან საერთო ქვეყნის თანამოქალაქეების - ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე მწუხარებას ფეისბუკპოსტში გამოთქვამს.

​"ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულმა მოვლენამ, ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა გაუმართლებელი ნგრევა, საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია ასეულობით ათასი ადამიანი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი თანამოქალაქის - ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას.

მე ღრმად მწამს, რომ სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული ჩვენი პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას, რომელიც შექმნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და გაძლიერების ყველა პირობას", - წერს ღარიბაშვილი.

დღეს 30 წელი გავიდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით გაგზავნა სამთავრობო ძალები.

საქართველოს ეროვნულ გვარდიას და პოლიციას ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსული არმია.

აფხაზეთის ომმა, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 000-მდე ადამიანი.

დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 2008 წელს მოსკოვმა საქართველოს ამ რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG