Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალმან რუშდის შეუწყვიტეს ხელოვნური სუნთქვა, მას ლაპარაკი შეუძლია


რუშდიზე თავდასხმის ადგილი
რუშდიზე თავდასხმის ადგილი

ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდის, რომელზეც პარასკევს თავდასხმა განხორციელდა, შუეწყვიტეს ხელოვნური სუნთქვა და მას ლაპარაკი შეუძლია.

რუშდიზე თავდასხმასა და მისთვის დანით ჭრილობების მიყენებაში ეჭვმიტანილ პირს მკვლელობის მცდელობისა და თავდასხმის ბრალდება წაუყენეს. ის წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს გირაოთი გათავისუფლების უფლების გარეშე.

ამის შესახებ განაცხადა ნიუ-იორკის შტატის ჩაუტოკვის ოლქის ხელისუფლებამ, სადაც მოხდა დანაშაული.

პოლიციის თანახმად, დაპატიმრებულია 24 წლის ჰადი მატარი ნიუ-ჯერსიდან. მატარის მშობლები ლიბანელი მიგრანტები არიან. მან ადვოკატის მეშვეობით განაცხადა, რომ უდანაშაულოა.

ჩაუტოკვის ოლქის პროკურორმა ჯეისონ შმიდტმა განაცხადა, რომ გამოძიებას აწარმოებენ ნიუ-იორკი შტატის სამართალდამცავი სტრუქტურები. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ჰადი მატარი დანაშაულის ადგილზე დააკავეს. თავდასხმა მოხდა პარასკევს, როცა სალმან რუშდი ლექციის წასაკითხად ემზადებოდა Chautauqua Institution-ში. უცნობი პირი სცენაზე გამოვარდა და რუშდისა და ღონისძიების მოდერატორს დანით დაესხა თავს. თვითმხილველების თქმით, ის დაახლოებით 20 წამის განმავლობაში ურტყამდა მწერალს მუშტსა და დანას, სანამ მას გააუვნებელყოფდნენ.

მოდერატორმა ჰენრი რიზმა თავის მცირე ტრავმები მიიღო. სალმან რუშდი ვერტმფრენით წაიყვანეს საავადმყოფოში და ხელოვნური სუნთქვის აპარატს მიუერთეს. მისი აგენტის, ენდრიუ უაილის თქმით, მწერალს დაზიანებული აქვს ღვიძლი, ხელზე ნერვი, მან შეიძლება ერთი თვალი დაკარგოს.

ინდური წარმომავლობის ბრიტანელი მწერალი სალმან რუშდი 75 წლის არის. ირანში ის ღვთის მგმობელად არის მიჩნეული. აკრძალულია მისი რომანის, ,ეშმაკეული აიების’, გამოქვეყნება.

1989 წელს ირანის მაშინდელმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ხომეინიმ გამოსცა ფატვა მწერლის სიკვდილით დასჯის მოთხოვნით. რუშდის მოკვლისთვის ჯილდო 3 მილიონ დოლარს უდრიდა.

რუშდიმ, რომელიც წლების განმავლობაში იმალებოდა, უარყო მუქარა და თქვა, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომ ხალხი დაინტერესებული იყო ჯილდოთი. მოგვიანებით მან გამოაქვეყნა „ფატვის მემუარები“.

შვედურმა ინსტიტუტმა, რომელიც ნობელის პრემიებს გასცემს ლიტერატურაში, 2016 წელს დაგმო ფატვა და თქვა, რომ რუშდის მოკვლისთვის ფულადი ჯილდოს დაწესება საერთაშორისო სამართლის "უხეში" დარღვევაა.

რუშდიზე პარასკევს მომხდარ თავდასხმაზე ჯერჯერობით არ ყოფილა ირანის ოფიციალური რეაქცია. მაგრამ რამდენიმე კონსერვატიულ გაზეთში გამოჩნდა გამოხმაურებები, რომლებშიც აქებენ თავდამსხმელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG