წუხელ იერუსალიმში პალესტინელმა მამაკაცმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა გოდების კედლის მახლობლად. დაჭრილია რვა ადამიანი, მათ შორის - ოთხი ამერიკელი. დაშავებულთა შორისაა 30 წლის ორსული ქალი. ის მუცელში დაიჭრა.
თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარიდან ექვსი საათის შემდეგ ის პოლიციას დანებდა და იარაღი ჩააბარა. მედიის ცნობით, ესაა 26 წლის პალესტინელი ამირ სიდაუი, რომელიც აღმოსავლეთ იერუსალიმში ცხოვრობს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ თავდასხმასთან კავშირში მყოფნი „ზღავენ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანისთვის“.
პალესტინელთა რადიკალურმა დაჯგუფებებმა ჰამასმა, „ისლამურმა ჯიჰადმა“ და „ალ-აქსის წამებულთა ბრიგადებმა“ პალესტინელის მოქმედებას უწოდეს „ბუნებრივი პასუხი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულებზე“.
იერუსალიმში სროლა მოხდა ისრაელსა და დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ღაზის სექტორში კონფლიქტის გამწვავებიდან ერთი კვირის შემდეგ.
მაშინ ისრაელის არმიამ ავიადარტყმების სერია განახორციელა ღაზაში, მოკლულია დაჯგუფების ორი მაღალი რანგის ლიდერი და „ისლამური ჯიჰადის“ კიდევ ათამდე მებრძოლი.
ისრაელის ხელისუფლების ცნობით, ისინი თავდასხმას ამზადებდნენ. პალესტინელი მედიკოსების თანახმად, იერიშის შედეგად დაშავდა ღაზის ათობით მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის ბავშვები. „ისლამური ჯიჰადის“ მომხრეებმა პასუხად ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაისროლეს. ისრაელის რამდენიმე ათეული მოსახლე დაიჭრა.