Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ემხრობა IAEA-ს ვიზიტს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 აგვისტოს


გაერო მხარს უჭერს ატომური ენერგიის სააგენტოს ვიზიტს ზაპოროჟიეში

რუსეთის ბრალდებებს გაერო ეხმიანება და ამბობს, რომ არ ბლოკავს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ვიზიტს უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ატომურ ელექტროსადგურზე. ევროპაში ყველაზე დიდი ელექტროსადგურის მდგომარეობა ომის პირობებში ისევ იწვევს საერთაშორისო საზოგადოების მღელვარებას.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის სტეფან დუჟარიკის განცხადებით, „IAEA-სთან მჭიდრო კონტაქტში, გაეროს სამდივნომ შეაფასა, რომ მას აქვს უკრაინაში ლოგისტიკური და უსაფრთხოების შესაძლებლობები, რათა მხარი დაუჭიროს IAEA-ს ნებისმიერ მისიას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, თუ რუსეთი და უკრაინა დათანხმდებიან”.

მას მერე, რაც 42-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, რუსეთს მოუწოდა, რომ გაათავისუფლოს ატომური ელექტროსადგური, მოსკოვმა საპასუხო განაცხადი გააკეთა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების ელექტროსადგურში დაშვებაზე.

„სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და მისი ხელმძღვანელობით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ სპეციალისტები მივიდნენ სადგურამდე“, - თქვა რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ 15 აგვისტოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირაში თქვა, რომ რუსეთის მიერ ელექტროსადგურზე სარაკეტო იერიშებმა გაჟონვის საფრთხე შექმნა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

თბილისში ენმ-ის საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა

თბილისის ქუჩებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა, რომლებზეც ყოფილ პრეზიდენტთან, პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, გამოსახული არიან ყოფილი მინისტრები, დიმიტრი შაშკინი, დავით კეზერაშვილი, ბაჩო ახალაია და "ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები", ლევან ხაბეიშვილი და ლაშა ფარულავა.

"ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო პოსტერები, რომლებზეც პარტიის წევრები არიან ხოლმე სისხლიან ფონზე გამოხატული, ქუჩებში ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდში ჩნდება.

ბოლოს თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოფინეს. 17 სექტემბრის ღამით გამოკრულ ბილბორდებზე ეწერა ტექსტი: “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

პუტინი აცხადებს, რომ რუსული იარაღი ათწლეულებით უსწრებს მათ უცხოურ ანალოგებს

რუსული მაღალი სიზუსტის, ისევე როგორც ახალ ფიზიკურ პრინციპებზე დაფუძნებული იარაღი, წლებით და ათწლეულებით უსწრებს უცხოურ ანალოგებს და მნიშვნელოვნად აღემატება მათ ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 15 აგვისტოს საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმის "არმია -2022" და საერთაშორისო სამხედრო თამაშები 2022-ის გახსნაზე.

რუსეთის ლიდერი შეეხო ასევე უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები "ნაბიჯ-ნაბიჯ" ათავისუფლებენ დონბასს.

წაიკითხე მეტი.

წაიყვანდი მშობელს ხანდაზმულთა სახლში? - თუ საქართველოში მოხუცდი...

მამამ ისევ დარეკა. იმ დღეს, ალბათ, მეასედ:
გაიყვანე გახარია! დაჟინებით მოითხოვდა.

კოვიდპანდემიის პერიოდი იყო, ტელევიზორში ყოველ მეორე დღეს ჩანდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. იმ დღეს, ნანიკო ხაზარაძის ტელეფონზე, დემენციით დაავადებული მამისგან კიდევ არაერთი მსგავსი შინაარსის ზარი გაისმა. მორიგ ჯერზე, როცა ტელეფონმა ისევ დარეკა, ნანიკო მოულოდნელად მანქანაში ჩაჯდა, გზიდანვე მოძებნა მოხუცებულთა ერთ-ერთი თავშესაფარი, მივიდა სახლში, სასწრაფოდ მოაგროვა მამის ნივთები, მამა მანქანაში ჩასვა და პირდაპირ ხანდაზმულთა თავშესაფარში წაიყვანა.

უკან დაბრუნებისას გრძნობდა სინდისის ქენჯნას, უსუსურობას, შიშს, რომ ამას არ აპატიებდნენ, სინანულს და ერთგვარ შვებასაც, რომ რეკვა შეწყდა.

მოხუცებულთა თავშესაფრების, ან, როგორც სხვაგვარად უწოდებენ, ხანდაზმულთა სახლების რიცხვმა ბოლო წლებში, საქართველოში, საგრძნობლად იმატა. ერთ-ერთი მათგანის, „მუხრანის სავანის“ დირექტორს, ნაირა დოლიძეს კარგად ახსოვს, რომ დაახლოებით შვიდი წლის წინ, როცა მან ეს საქმე წამოიწყო და კერძო ბიზნესად აქცია, ასეთი სულ რამდენიმე სახლი არსებობდა. დღეს საქართველოში არაერთი კერძო თავშესაფარია, სადაც მოხუცები ცხოვრების ბოლო წლებს ატარებენ.

წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

არქიმანდრიტი ილია, საერო ცხოვრებაში - სანდრო (ალექსანდრე) კავსაძე, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის მაღალი რანგის საჯარო მოხელე, რადიო თავისუფლებას უყვება მის გატაცებასა და ტყვეობაზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, 30 წლის წინ, აფხაზეთის ავტონომიაში შეიარაღებული ძალების შესვლის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG