Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ თურქეთი საჰაერო თავდაცვის სისტემა S-400-ის მეორე პოლკს მიიღებს

 S-400 კლასის საჰაერო თავდაცვის სისტემა
S-400 კლასის საჰაერო თავდაცვის სისტემა

მოსკოვი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ხელშეკრულებაზე, რომელიც თურქეთისთვის S-400 კლასის საზენიტო სარაკეტო სისტემების მეორე პოლკის მიყიდვას ითვალისწინებს. ამის შესახებ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა, დიმიტრი შუგაევმა, განაცხადა მოსკოვში მიმდინარე ფორუმზე, "არმია-2022". მანამდე, რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემის პირველი პოლკის შეძენამ თურქეთის მიმართ შეერთებული შტატების სანქციები გამოიწვია. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ კომპლექსების შეძენა ეწინააღმდეგება ნატოს წევრის ვალდებულებებს.

დიმიტრი შუგაევს არ უთქვამს, როდის დაიდო გარიგება, მაგრამ განმარტა, რომ იგი გულისხმობს თურქეთში კომპლექსების წარმოების ნაწილობრივ ლოკალიზაციას. მისივე თქმით, "რთულმა პოლიტიკურმა ვითარებამ" "იმოქმედა რუსული მხარის პარტნიორებთან ურთიერთქმედების ზოგიერთ ასპექტზე", მაგრამ თურქეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა გრძელდება.

S-400 "ტრიუმფი" არის გრძელი და საშუალო რადიუსის მოქმედების სარაკეტო სისტემა. იგი შეიარაღებაში მიღებულ იქნა 2007 წელს. გარდა თურქეთისა, მოსკოვმა S-400 მიაწოდა ჩინეთსა და ინდოეთს და ანალოგიური შეიარაღება მოქმედებს სირიაში. მოსკოვმა და ანკარამ საჰაერო თავდაცვის კომპლექსების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმეს. თურქეთი გახდა ნატოს პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს სისტემები შეიძინა.

XS
SM
MD
LG