Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი რუსი მუსიკოსი იური შევჩუკი არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით დააჯარიმეს


იური შევჩუკი
იური შევჩუკი

რუსეთის ქალაქ უფის სასამართლომ ჯგუფ „DDT“-ს ლიდერი იური შევჩუკი 50 ათასი რუბლით (883 აშშ დოლარი) დააჯარიმა ადმინისტრაციული მუხლით „რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის. ამის მიზეზი გახდა მუსიკოსის სიტყვები სამშობლოზე და ომზე, რომლებიც მან მაისში წარმოთქვა უფაში გამართულ კონცერტზე.

შევჩუკი არ ესწრებოდა სასამართლოს სხდომას. მუსიკოსის დაცვა ამტკიცებდა, რომ მის მიერ კანონის დარღვევის მტკიცებულებები არ არსებობს, პოლიციამ კი არასწორად შეადგინა ოქმი. ბრალდება ამტკიცებდა, რომ შევჩუკმა ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვები „სპეცოპერაციის“ შესახებ, მას „ნაპოლეონური გეგმები“ უწოდა და ამგვარად რუსეთის არმიის დისკრედიტაცია მოახდინა.

სასამართლოსადმი მიმართვაში შევჩუკმა განაცხადა, რომ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ყველა ომს ნებისმიერ ქვეყანასა და ნებისმიერ დროში. მისი თქმით, ჯერ კიდევ 1980 წელს დაწერა ამის შესახებ სიმღერა „არ ისროლო“.

მაისის შუა რიცხვებში შევჩუკმა უფაში გამოსვლისას სცენიდან წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც განაცხადა, რომ უკრაინაში „მოხუცები, ქალები და ბავშვები [იღუპებიან] ჩვენი მორიგი კეისრის ნაპოლეონური გეგმების გამო“, და რომ „სამშობლო - ეს არაა პრეზიდენტის უკანალი, რომელსაც მუდამ უნდა ეამბორო და კოცნო“.

ამ სიტყვების გამო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული ოქმი შეადგინეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის ბრალდებით. მოგვიანებით სასამართლომ ოქმი უკან დააბრუნა შეცდომების გამო - პოლიციამ ვერ შეძლო აეხსნა, კონკრეტულად როგორ მოახდინა მუსიკოსმა არმიის „დისკრედიტაცია“.

15 ივლისს პეტერბურგის სასამართლომ კვლავ გაატარა რეგისტრაციაში შევჩუკთან დაკავშირებული ოქმი.

XS
SM
MD
LG