Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დივერსიად შეაფასა ჯანკოიში მომხდარი აფეთქება


ჯანკოის რაიონი, სოფელი მაისკოე. 16 აგვისტო, 2022 წელი
ჯანკოის რაიონი, სოფელი მაისკოე. 16 აგვისტო, 2022 წელი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ანექსირებული ყირიმის ჯანკოის რაიონში მომხდარი აფეთქება დივერსიის შედეგია.

„16 აგვისტოს, დილით დივერსიის შედეგად დაზიანდა დასახლებულ პუნქტ ჯანკოიში მდებარე სამხედრო დანიშნულების საწყობი“, - განაცხადეს უწყებაში.

სამინისტროს ცნობითვე, აფეთქების შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები, ელექტროგადამცემი ხაზები, ელექტროსადგური, სარკინიგზო ლიანდაგები და რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი.

საბრძოლო მასალის საწყობში მომხდარ აფეთქებებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი და "ტვიტერის" გვერდზე დაწერა, რომ "დემილიტარიზაცია ამოქმედებულია“.

ჯანკოის მახლობლად დილა აფეთქებებით დაიწყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ნორმალური ქვეყნის ყირიმი ასოცირდება შავ ზღვასთან, მთებთან, დასვენებასა და ტურიზმთან, მაგრამ რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი ასოცირდება საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან. დემილიტარიზაცია ამოქმედებულია“, - წერს პოდოლიაკი "ტვიტერით" გავრცელებულ პოსტში.

16 აგვისტოს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთით, სოფელ მაისკოეში, აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. რუსული მედიის ცნობით, აფეთქების შემდეგ ჯანკოის რაიონში სატრანსფორმატორო ქვესადგურს ცეცხლი გაუჩნდა. იუწყებიან, რომ აფეთქება მოხდა საბრძოლო მასალის საცავში.

დღესვე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის რაიონის სოფელ გვარდეისკოეში, სამხედრო ავიაბაზის თავზე შავი კვამლი შენიშნეს ადგილობრივებმა. გამოცემა "კომერსანტი" მათზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.

"კომერსანტი" წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სამხედრო და სამართალდამცავი უწყებები სწავლობენ საბრძოლო მასალის საცავზე მცირე ზომის დრონებით განხორციელებული თავდასხმის ვერსიას.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

უფრო ადრე, 9 აგვისტოს, რუსების მიერ კონტროლირებულ საკის აეროდრომზე მომხდარ აფეთქებების სერიას, რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა. დაზიანდა ათობით სახლი.

10 აგვისტოს ამერიკული გამოცემა Washington Post-ი უკრაინის ხელისუფლების დამოუკიდებელ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ანექსირებულ ყირიმში, ნოვოფიოდოროვსკის რუსულ სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებები უკრაინის სპეციალური ძალების ოპერაციის შედეგია.

მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ოფიციალურ პირებს მოუწოდა, შეწყვიტონ ჟურნალისტებთან საუბარი რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად შემუშავებულ სამხედრო ტაქტიკაზე, ხოლო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ინფორმაციის გაჟონვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG