Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ დამნაშავედ ცნო 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის დამრიგებელი - სოფი სკოლის ექსკურსიაზე დაიღუპა


დღეს გურჯაანის სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა დამნაშავედ ცნო 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის კლასის დამრიგებელი და გაამართლა მისი სპორტის მასწავლებელი. ორივე მათგანისთვის წარდგენილი ბრალი იყო გულგრილობა, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თბილისის კერძო სკოლა "ალბიონის" მოსწავლე, 16 წლის სოფი, 2019 წლის მაისში კლასელებთან და მასწავლებლებთან ერთად იყო წასული ლაგოდეხის ნაკრძალში. ის ნინოსხევის ჩანჩქერთან წყლის დინებამ ჩაითრია და ასფიქსიით გარდაცვლილი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს მაშველებმა. დაღუპულის ოჯახი ამტკიცებდა, რომ მოზარდი უმეთვალყურეოდ იყო არა მხოლოდ მაშინ, როცა წყალში შევიდა და შველას ითხოვდა, მაშინაც, როცა ჩანჩქერზე ადიოდა. სასამართლომ დაკითხა თვითმხილველები, რომლებმაც დაადასტურეს, როცა წყალში საბანაოდ შესული სოფი ნიკოლეიშვილი შველას ითხოვდა, მას იქ მყოფი სპორტის მასწავლებელი არ დახმარებია, დამრიგებელი კი საერთოდ არ იმყოფებოდა უბედური შემთხვევის ადგილას, რამდენიმე მოსწავლესთან ერთად ის შედარებით ქვემოთ დარჩა ხეობაში და ჩანჩქერთან არ ასულა.

სასამართლომ სოფის დამრიგებელს თავისუფლების სამი წლით აღკვეთა მიუსაჯა და აღკვეთის ზომად პირობითი სასჯელი განსაზღვრა. ორივე მასწავლებელი, რომლებსაც გამოძიება გულგრილობით მოზარდის სიცოცხლის მოსპობას ედავებოდა, კვლავ აგრძელებს სკოლაში მუშაობას. სპორტის მასწავლებელი ამ დრომდე "ალბიონში" მუშაობს.

განათლების სამინისტროს ინიციატივით, 2022 წლის მაისიდან გამკაცრდა რეგულაციები სკოლის ექსკურსიებზე: აიკრძალა 150 კილომეტრზე უფრო შორს მოსწავლეების წაყვანა და ღამისთევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG