Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის თქმით, სანქციები ძალზე ცოტა რუს ოლიგარქზე ვრცელდება


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც ვლადიმირის ოლქში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის სასჯელს, სრულიად არასაკმარისად მიიჩნევს დასავლეთის მიერ რუსეთის მაღალი რანგის ჩინოვნიკებისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებული ოლიგარქების მიმართ დაწესებულ სანქციებს.

ამ საკითხზე რამდენიმე პოსტია გამოქვეყნებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გვერდზე ტვიტერში.

ნავალნი მიიჩნევს, რომ სანქციები „მიზერული რაოდენობის ოლიგარქებსა და კორუფციონერებს შეეხოთ“. მისი თქმით, Forbes-ის რუსულ სიაში 200 პოზიციაა. აქედან ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციები შეეხო 46 ადამიანს. „ჩემი აზრით, ეს დიდად არ ჩამოჰგავს პუტინის ოლიგარქების წინააღმდეგ ომის გამოცხადებას“, - შენიშნავს ნავალნი.

მაგალითებად მას მოჰყავს „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი, რომელსაც არ შეხებია ევროკავშირის სანქციები, და რომან აბრამოვიჩი, რომელზეც არ გავრცელებულა აშშ-ის სანქციები.

ნავალნი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის, აშშ-ის კონგრესისა და სხვა ეროვნული პარლამენტების დონეზე „არის მასობრივი სანქციების სრული მხარდაჭერა“.

„მეორე მხრივ, როგორც კი საქმე მიდის კონკრეტულ საქმემდე, აღმასრულებელი ხელისუფლების წიაღში ყველაფერი მტვრად იქცევა“, - დასძენს ის.

მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და ზოგმა სხვა ქვეყანამ სანქციების რამდენიმე პაკეტი შემოიღეს რუსეთის ეკონომიკის, ფინანსური სისტემის, მსხვილი კომპანიების, ოლიგარქების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ. მათ შორის არიან პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მისი ოჯახის წევრები და უახლოესი გარემოცვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG