საქართველოს კონკურენციის სააგენტომ 2022 წლის შვიდი თვის განმავლობაში საქართველოში შემოტანილი საწვავისა და ბენზინგასამართ სადგურებზე რეალიზაციის ფასები შეისწავლა და დაადგინა, რომ ფასზე არ აისახება არაერთი განმასხვავებელი ფაქტორი. კვლევა, რომელიც დღეს, 17 აგვისტოს გამოქვეყნდა, აჩვენებს იმ მიგნებებს, რომლებითაც კონკურენტი ბენზინგასამართი სადგურები და დისტრიბუტორები მუშაობენ.
კვლევის შედეგები:
- ქვეყანაში ყველაზე მეტი საწვავი რუსეთიდან შემოდის, სადაც ფასი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალია;
- იანვარ-ივლისში საქართველოში 810 320 ლიტრი საწვავი შემოვიდა, საიდანაც ყველაზე დიდი მომწოდებელი (40,8%) რუსეთია, რომელსაც მოჰყვება რუმინეთი - 26,5%-ით და ბულგარეთი - 13,4%-ით;
- რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებთან შედარებით (მარტი-ივლისი), თუმცა მსხვილი კომპანიები ერთნაირ ფასად ყიდიან. ამავდროულად, ბაზარზე მზარდია რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის პროცენტული წილი. აპრილი-ივლისის პერიოდში საერთო იმპორტის 64-65% გახდა;
- საცალო ფასები 2022 წლის ივლისში საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ქვეყნებში (ბულგარეთი, რუმინეთი) 7-8 ცენტით შემცირდა, თუმცა საქართველოში გაიზარდა 11 ცენტით;
- რუმინეთიდან შემოტანილი საწვავი ხშირად საბაჟო საწყობში ინახებოდა, იმპორტიორი კომპანია, რომლის სახელსაც კონკურენციის სააგენტო არ ასახელებს, თავის ქსელში ძვირად ნაყიდ საწვავს ყიდდა, კონკურენტებს კი "იაფ" საწვავს აძლევდა. მსგავსი სხვაობა 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში, 1 ლიტრი საწვავის შემთხვევაში, 30-დან 70 თეთრამდე მერყეობდა.
11 აპრილს, როცა საწვავის ფასის ზრდა უკვე თვალშისაცემი იყო, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ "საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი". მან მაშინ იმპორტიორებს მოუწოდა, შეემცირებინათ ფასები. რამდენიმე თვის წინ მისი დავალებით დაიწყო კონკურენციის სააგენტომ ბაზარზე საწვავის ფასების შესწავლა.