Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, საერთაშორისო ექსპერტები დაუშვას ზაპოროჟიეს აეს-ში


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვიდა მოწოდებით, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს ნება მიეცეთ, მოინახულონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მაშინ, როცა იზრდება ობიექტის უსაფრთხოების თაობაზე შეშფოთება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.

სტოლტენბერგმა 17 აგვისტოს ბრიუსელში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ჯარები ელექტროსადგურის ტერიტორიიდან, რომელიც მას მარტიდან მოყოლებული უკავია.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ელექტროსადგურის ხელში ჩაგდება „ამ ობიექტის უსაფრთხოებას და დაცულობას მუქარას უქმნის (და) ზრდის ბირთვული ავარიის ან ინციდენტის რისკს“.

კიევი ამტკიცებს, რომ რუსეთის ჯარები ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებენ. საფრთხეთა შორისაა ობიექტზე სახიფათო იარაღის შენახვა და არეალში სროლა.

14 აგვისტოს 42-მა ქვეყანამ დაგმო უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა და განაცხადა, რომ ზაპოროჟიეში რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა უკრაინის ხელისუფლებას ხელს უშლის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

რუსეთი არ უარყოფს, რომ ჯარები ჰყავს განლაგებული ელექტროსადგურში, მაგრამ აცხადებს, რომ ცეცხლი არ დაუშენია ობიექტისთვის. პირიქით, მოსკოვი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სდებს ბრალს არეალში საარტილერიო ცეცხლის გახსნაში, რასაც კიევი უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG