Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისსა და საგარეჯოში 3 ადამიანი დააკავეს რადიოაქტიური ნივთიერებების 1.2 მლნ. დოლარად გაყიდვის მცდელობისას


სუსის მიერ გავრცელებული ფოტო, რომელზეც ასახულია ამოღებული მტკიცებულებები
სუსის მიერ გავრცელებული ფოტო, რომელზეც ასახულია ამოღებული მტკიცებულებები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ დააკავეს სამი ადამიანი, რომლებიც რადიოაქტიური ნივთიერებების 1.2 მილიონ დოლარად გაყიდვას ცდილობდნენ.

გამოძიების ვერსიით, „პირთა ორგანიზებული ჯგუფი“ თბილისსა და საგარეჯოში, საკუთარ სახლებში, უკანონოდ ინახავდა „ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გამა-გამოსხივების მქონე რადიოაქტიურ ნივთიერებებს“ და იმისათვის, რომ მათი ადგილსამყოფელი სამართალდამცველებისთვის არ გამხდარიყო ცნობილი, სისტემურად ცვლიდა რადიოაქტიური ნივთიერების შენახვის ადგილს. სუსი არ აზუსტებს, რა ნივთიერებაზეა საუბარი ან როგორ და როდის აღმოჩნდა ეს ნივთიერებები დაკავებულთა ხელში. სუსის განცხადებიდან არც ის ჩანს, სად აპირებდნენ სპეციფიკური ნივთიერებების გაყიდვას ბრალდებულები - საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ.

„საბოლოოდ [ისინი] შეეცადნენ ხსენებული ნივთიერებების 1 200 000 ამერიკულ დოლარად გასაღებას, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება“, – აცხადებენ სუსში. უწყებამ ასევე გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ბრალდებულები საუბრობენ იმ ნივთიერებაზე, რომლის გაყიდვაც უნდათ. ამ მოკლე ჩანაწერიდან ჩანს, რომ ამგვარი ნივთიერებები ყოფილ სამხედროებს აქვთ ხოლმე.

"- ძველი სამხედროებისგან არის დარჩენილი ეტყობა რაღაცა.

- ადამიანსა კლავს, გამიგე? მაგრამ წამალია, ძმაო. ამით წამალიცა კეთდება, შხამიცა კეთდება, შეიძლება კაციც მოკლა...

- სამი ცალი ბომბი გამოდის, სამი ცალი, იმდენია", - ისმის ჩანაწერში სხვადასხვა პირის ხმები. ისინი მსჯელობენ ამ ნივთიერების ფასზეც - რამდენადაც სურთ გაყიდვა.

"მათ არ ჰქონდა გათავისებული, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, მაიზერ ჩარქსელიანი მედიასთან და აზუსტებს დეტალებს, რომლითაც ვიგებთ, რომ ეს ნივთიერება მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ივლისში აღმოჩნდა და დაკავებულებს წილი უნდა მიეცათ იმ პირისთვის, ვისგანაც ეს ნივთიერება მიიღეს. რადიოაქტიური ნივთიერება, მისი მონაყოფილის მიხედვით, საქართველოში სხვა ქვეყნიდან არ შემოუტანიათ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 73 წლის გლეხია, თივის ზვინის ქვეშ ინახავდა, სახლის ეზოში", - ამბობს კიდევ ერთი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიოაქტიური ნივთიერებების ფლობისთვის სამი პირი 16 აგვისტოს დააკავა, დღეს, 18 აგვისტოს კი ბრალი წარუდგინეს. ბრალდება 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG