Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის საკითხი - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 აგვისტოს


სამმხრივი შეხვედრა უკრაინაში რუსეთის იერიშების ფონზე

უკრაინაში გუშინ თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ჩავიდნენ. პრეზიდენტ ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია.

უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტი და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია - ეს ის საკითხები იყო, რაზეც მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა უკრაინის ქალაქ ლვოვში მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, თქვა, რომ სამხედრო ტექნიკა და პერსონალი უნდა გაიყვანონ ელექტროსადგურიდან და გამოთქვა მოწოდება, რომ ის არ იყოს სამხედრო ოპერაციების სამიზნე.

გარდა მარცვლეულის ექსპორტისა, უკრაინული მედიის ცნობით, ერდოანმა და ზელენსკიმ ორ ქვეყანას შორის შეიარაღების სფეროში თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

ზელენსკიმ და ერდოანმა ისაუბრეს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის მხრიდან მარცვლეულის მიტაცების შესახებ. ითქვა, რომ რუსეთმა ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული მიითვისა. ისინი დაეთანხმნენ ერთმანეთს, რომ მოპარული საქონლით ვაჭრობა დაუშვებელია.

დღეს გაეროს გენერალური მდივანი აპირებს მოინახულოს უკრაინის პორტი, საიდანაც ცოტა ხნის წინ განახლდა მარცვლეულის ექსპორტი.

წაიკითხე მეტი.

ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: თვალყურს მივადევნებთ პროცესს პარლამენტში

საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ჟულიენ კრამპსი გუშინ „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრებს შეხვდა, შეხვედრის შემდეგ კი მედიასთან აღნიშნა, რომ ევროკავშირის დელეგაცია თვალყურს მიადევნებს პარლამენტში მიმდინარე პროცესს და გააგრძელებს მაღალ დონეზე შეხვედრებს როგორც მმართველ პარტიასთან, ასევე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან.

დეპუტატებთან მისი შეხვედრის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის და გასატარებელი რეფორმების განხილვა იყო.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" რეფორმებზე მუშაობის პროცესის ინკლუზიურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ვინაიდან საარჩევნო საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი უთხრეს 27-წლიანი ისტორიის მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებს", რის გამოც შეხვედრა დატოვა ასევე საიამაც. უარი უთხრეს სამუშაო პროცესში ჩართვაზე "სასამართლოს გუშაგსაც", იურიდიულ კომიტეტში სასამართლოს თემაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის გამო.

წაიკითხე მეტი.

უკრაინაში მებრძოლი ბერდია ჯოხაძე დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, ბერდია ჯოხაძე დაიღუპა. ინფორმაციას მისი და, ბელა ჯოხაძე ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ბერდია ჯოხაძეს ხვალ, 19 აგვისტოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10:00 საათზე ჩამოასვენებენ. პანაშვიდი თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში 12:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.

უკრაინაში რუსეთმა ომი 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ დაიღუპა ათასობით სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. უკრაინაში ომს დღემდე 18 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

წაიკითხე მეტი.

ომბუდსმენი ასაჩივრებს კანონს, რომლითაც ბათუმში მშენებლობა მარტივდება

საქართველოს სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს პარლამენტში დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს. ომბუდსმენი აცხადებს, რომ დროებით მოქმედი კანონით, რომელიც ბათუმში სამშენებლო კომპანიებს უფლებას აძლევს, შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების, მშენებლობის ძირითადი პირობების, სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის წესების დაცვის გარეშე წარმართონ, საქართველოს კონსტიტუცია ირღვევა.

"ცვლილებების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ბათუმში დაგეგმილ მშენებლობათა ფართო წრეზე არ გავრცელდეს ისეთი სახის სამშენებლო ვალდებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოს და შშმ პირთა მისაწვდომობის უფლების რეალიზებას", - აცხადებს სახალხო დამცველი.

წაიკითხე მეტი.

ესტონეთი რუსებისთვის ვიზების გაცემას წყვეტს და ზღუდავს ძველი ვიზებით ქვეყანაში მათ შესვლას

ესტონეთში ხუთშაბათს, 18 აგვისტოს, ძალაში შევიდა მთავრობის განკარგულება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემისა და ესტონეთში გაცემული შენგენის ვიზით ქვეყანაში შესვლის შეზღუდვის შესახებ.

"ჩვენ ვხედავთ რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობის მასობრივ ზრდას, რომლებიც ესტონეთში ჩამოდიან ან ესტონეთის საზღვარს კვეთენ. ესტონეთის მასობრივად მონახულების ან ესტონეთის გავლით ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობა არ შეესაბამება ჩვენ მიერ დაწესებული სანქციების არსს. სანქციების დაწესებით ესტონეთს სურს, რომ აგრესორ სახელმწიფოს, ასევე მისი ცალკეული მოქალაქეების დონეზე, არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო დონეზე გააგრძელოს ჩვეულებრივი ცხოვრება", - მოჰყავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას რეინსლაუს სიტყვები რუსულ სააგენტო "ინტერფაქსს".

წაიკითხე მეტი.

„ვეშაპებზე“ ნადირობა აფხაზეთში

ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისათვის გადაცემისა და კორუფციული საქმეების გამჟღავნებამ ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური ვითარება დაძაბა. აგორებული საპროტესტო განწყობების ფონზე თანამდებობა დატოვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გავლენიანი პოლიტიკური პარტიის, „ამცახარას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალხას კვიცინიამ. კვიცინია მოქმედ პრემიერ-მინისტრთან, ალექსანდრე ანქვაბთან და ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკის მხარეს მებრძოლ ახრა ავიძბასთან ერთად, გადამწყვეტ როლის თამაშობდა ასლან ბჟანიას გაპრეზიდენტებაში.

აფხაზეთში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობაზე უნდა მეტყველებდეს იქ ახლახან რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მინისტრის, მაქსიმ რეშეტნიკოვის სტუმრობა.

რა ხდება აფხაზეთში? გაიგე ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიიდან.

"ნოგუ სველო!" რუსული მუსიკალური ჯგუფია, რომელმაც პოპულარობა 90-იან წლებში მოიპოვა, უკრაინაში ომის დაწყებიდან ომის საწინააღმდეგო 5 სიმღერა გამოუშვა და რუსეთში კონცერტები შეაჩერა. ტურნეს ფარგლებში ჯგუფმა ივლისის ბოლოს თბილისში კონცერტი გამართა. მის სოლისტს მაქსიმ პოკროვსკის რადიო თავისუფლება ესაუბრა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG