Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EU-ს საელჩოს მოწოდებაა, ყველა NGO-ს შეეძლოს ჩართვა საარჩევნო საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში


ევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მოწოდებაა, რომ საარჩევნო საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში ჩართვის შესაძლებლობა ყველა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდეს. ამ საკითხზე საუბრისას ევროკავშირის წარმომადგენლობა გაცემულ რეკომენდაციებზე მიუთითებს.

"მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოწვეული იყოს და მიეცეს შესაძლებლობა, არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით. #10 პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით შეესაბამება პარლამენტში მიმდინარე მუშაობას", - წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 18 აგვისტოს მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებს" არ მისცა შესაძლებლობა, ემუშავა არჩევნების საკითხზე შექმნილ ჯგუფში. სახელისუფლებო პარტია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციას კვალიფიკაციას უწუნებს.

"[არასამთავრობო ორგანიზაციების] პლატფორმას ჩვენგან წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ "სამართლიანი არჩევნების" ამ პროცესში ჩართვა არის ჩვენთვის სრულად მიუღებელი. მათ წარმოადგინეს მაინც ეს ორგანიზაცია... ის ორგანიზაციები, რომლებიც არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მათ თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირეს, ვერანაირად იქნება დაშვებული ამ ფორმატში - არ შეიძლება მონაწილეობდეს მხარე. ამ ორგანიზაციამ ნეიტრალიტეტი დაკარგა", - თქვა გივი მიქანაძემ, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა.

საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ერთ-ერთი რეკომენდაციაა. ჯგუფი მმართველმა პარტიამ შექმნა და მისივე გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მხოლოდ ორი კვოტა გამოიყო. ჯგუფის წევრები არიან: საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან „გირჩი“, მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები", ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“. ჯგუფის საქმიანობაში ასევე მონაწილეობენ ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG