Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ მახარაძე: „ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს დარიას სულს“

ზურაბ მახარაძე
ზურაბ მახარაძე

ჰომოფობიური და რუსეთის მიმართ სიმპათიების მქონე პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერმა ზურაბ მახარაძემ ალექსანდ დუგინს ქალიშვილის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

„ხშირად როდესაც საინფორმაციო ან იდეოლოგიურ ომზე საუბრობენ, ამას ომს უბრალოდ პირობითად არქმევენ. არადა ეს რეალური ომია. დისტანციურად მომიწია დარიას გაცნობა და მიმოწერაში მუდამ იგრძნობოდა რამდენად ჭკვიანი და გულღია ადამიანი იყო. ჩემი სამძიმარი ალექსანდრ გელევიჩ დუგინს. ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს დარიას სულს“, - დაწერა ზურაბ მახარაძემ "ფეისბუკში".

კრემლთან დაკავშირებული ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დაიღუპა 20 აგვისტოს მოსკოვის გარეუბანში მანქანის აფეთქებისას, რომელსაც ის მართავდა, იტყობინება რუსული მედია.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს მოჰყავს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადება, რომ მანქანაში, რომელსაც 30 წლის დარია დუგინა მართავდა, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული. „გამომძიებლების ინფორმაციით, 20 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ოდინცოვოს რაიონში, სოფელ ბოლშიე ვიაზემის მახლობლად, ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც სავარაუდოდ იყო დამონტაჟებული Toyota Land Cruiser-ში [სატრანსპორტო საშუალებაში], ამოქმედდა გზაზე და მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი ქალი ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილის ვინაობა დადგინდა და ის იყო ჟურნალისტი და პოლიტოლოგი დარია დუგინა“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში ტელეგრამის არხზე.

„კონსერვატიულ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ტელევიზიას, „ალტ-ინფოს“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ზურაბ მახარაძეც არის, არაერთხელ დაუთმია ეთერი როგორც დუგინის იდეების გავრცელებისთვის, ასევე თავად დუგინისთვის.

„საქართველოს უნდა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა... და ვის შეუძლია მისცეს მას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალება თუნდაც თეორიულად?! რა თქმა უნდა, არა - ვაშინგტონს. გასაღები რუსეთის ხელშია... რუსეთს შეუძლია დაუახლოვდეს საქართველოს გეოპოლიტიკურად ისევე, როგორც ეს იყო ისტორიული ეპოქების არაერთ ეტაპზე“, - განაცხადა ალექსანდრ დუგინმა 2021 წლის თებერვალს გასულ ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG