Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში სამჯერ გამოიყენა ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“


MiG-31K-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი "კინჟალის" ჰიპერბგერითი რაკეტით. 2018 წელი
MiG-31K-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი "კინჟალის" ჰიპერბგერითი რაკეტით. 2018 წელი

Reuters-ის თანახმად, რუსეთმა სამჯერ გამოიყენა ჰიპერბგერითი „კინჟალის“ ტიპის რაკეტები უკრაინაში ომის დროს.

ამის შესახებ განაცხადა 21 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.

„კინჟალის“ტიპის რაკეტები ახალი ჰიპერბგერითი იარაღის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს წარმოადგინა თავის გამოსვლაში, რომელშიც თქვა, რომ ისინი შეიძლება მისწვდნენ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილს და გვერდი აუარონ აშშ-ის ანტისარაკეტო ფარს.

შოიგუმ სახელმწიფო ტელევიზიით საუბრისას თქვა, რომ უკრაინაში რაკეტები სამივე შემთხვევაში მოხვდა მნიშვნელოვან სამიზნეებს. მან შეაქო რაკეტები, როგორც შეუდარებელი და რომლის ჩამოგდებაც ფრენისას თითქმის შეუძლებელია. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ჩვენ სამჯერ გამოვიყენეთ ის, - თქვა შოიგუმ ინტერვიუში, რომელიც გადაიცა „როსია1-ზე, - და სამჯერ მან ბრწყინვალე მახასიათებლები აჩვენა“.

რუსეთმა პირველად „კინჟალის“ სისტემის რაკეტები უკრაინაში გამოიყენა დაახლოებით ერთ თვეში მას შემდეგ, რაც ათიათასობით ჯარისკაცით შეიჭრა მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და დარტყმა მიაყენა იარაღის დიდ საცავს უკრაინის დასავლეთში, ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში.

ამ კვირაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ MiG-31E-ის ტიპის სამი საბრძოლო თვითმფრინავი, რომლებიც აღჭურვილია „კინჟალის“ რაკეტებით, განთავსებულ იქნა კალინინგრადის რეგიონში, რუსეთის ბალტიის ზღვის სანაპიროზე, რომელიც მდებარეობს ნატოსა და ევროკავშირის წევრ პოლონეთსა და ლიეტუვას შორის.

გასული თვის ბოლოს, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების დღეს, პუტინმა გამოაცხადა, რომ საზღვაო ფლოტი მომავალ თვეებში მიიღებდა, როგორც მან უწოდა, "მრისხანე“, ჰიპერბგერით „ცირკონის“ ტიპის ფრთოსან რაკეტებს. ამ რაკეტების სიჩქარე ბგერისას ცხრაჯერ აღემატება და უსწრებს ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებებს.

XS
SM
MD
LG