21 აგვისტოს სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთულმა კიდევ ოთხმა გემმა დატოვა უკრაინის ნავსადგურები, იუწყება Reuters-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ორი მათგანი ჩერნომორსკიდან დაიძრა, ერთი - ოდესიდან და ერთი - იუჟნიდან. რუსეთის სააგენტო TASS-ის ცნობით, მსოფლიო ბაზარზე გადის 14 000 ტონა შაქრის ჭარხალი, ასევე 9 ათასი ტონა მცენარეული ზეთი, ათი ათასი ტონა ხორბალი.
21 აგვისტოს თურქეთში ხუთ გემის შემოწმება იყო დაგეგმილი, მათგან ოთხი ცარიელია და ტვირთისთვის უკრაინისკენ გაემართება, ერთი - უკრაინიდან მოდის სურსათით დატვირთული.
სტამბულის ხელშეკრულებების დადებისა და პორტების განბლოკვის შემდეგ უკრაინიდან გაგზავნილი მშრალი ტვირთის გემების საერთო რაოდენობამ 31-ს მიაღწია.
21 აგვისტოს ღამით, ოდესის სამხარეო სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთმა ჭურვები დაუშინა ქალაქს და დააზიანა ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმო, რაც ეწინააღმდეგება უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას.
22 ივლისს რუსეთმა და უკრაინამ ცალ-ცალკე გააფორმეს შეთანხმებები გაეროსთან და თურქეთთან უკრაინის სამი პორტიდან - ოდესიდან, ჩერნომორსკიდან და იუჟნიდან სურსათის ექსპორტის შესახებ.
შეთანხმებების მიხედვით, გემების სამოძრაოდ იქმნება უსაფრთხოების დერეფანი. ჩატვირთვასა და გადმოტვირთვას ამოწმებენ დამკვირვებლები უკრაინიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და გაეროდან. თურქეთმა შექმნა საკოორდინაციო ცენტრი გემების გავლისა და ხელშეკრულების პირობების შესრულების ზედამხედველობისთვის.
რუსეთსა და უკრაინას შორის ომის გამო მილიონობით ტონა სურსათი დაგროვდა შავიზღვისპირა ბლოკირებულ ნავსადგურებში. კიევმა ამაში რუსეთი დაადანაშაულა. მოსკოვი ამტკიცებდა, რომ მარცვლეულით დატვირთული გემები ვერ მოძრაობდნენ უკრაინის მიერ ნავსადგურების მისადგომების დანაღმვის გამო.
გაერო გაფრთხილებით გამოდის, რომ თუ რუსეთი და უკრაინა გამოეთიშებიან მსოფლიო ბაზრის სურსათით მომარაგებას, ჩნდება შიმშილის საფრთხე, განსაკუთრებით აფრიკისა და აზიის ღარიბ ქვეყნებში.