Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაახლოებით 60 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენელმა დაადასტურა "ყირიმის პლატფორმის" მე-2 სამიტში მონაწილეობა


"ყირიმის პლატფორმის" პირველი სამიტი. 23 აგვისტო, 2021 წელი
"ყირიმის პლატფორმის" პირველი სამიტი. 23 აგვისტო, 2021 წელი

23 აგვისტოს ონლაინკონფერენციის ფორმატში უკრაინა უმასპინძლებს "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტს, რომელშიც, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, წინაზე გაცილებით მეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

"უკვე ყველაფერი მზად არის ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტისთვის. წელს სამიტი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე შარშან - მონაწილეთა შემადგენლობის და განსახილველი თემატიკის მიხედვით. ჩვენ მნიშვნელოვნად ვაფართოებთ ყირიმის პლატფორმას. ყველაფერს ხვალ, 23 აგვისტოს, გავახმოვანებთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 აგვისტოს ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წინა დღით ამოქმედდა კიდევ ერთი ფორმატი - "კიევის ინიციატივა", რომელშიც მონაწილეობას კიევის მეზობელი ქვეყნები - პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა მიიღებენ.

2021 წლის 23 აგვისტოს კიევში გაიმართა "ყირიმის პლატფორმის", ყირიმის დეოკუპაციის გარშემო საერთაშორისო სივრცის დამფუძნებელი პირველი სამიტი, რომელშიც 47 ქვეყნის მთავრობათა მეთაურები, პრეზიდენტები და საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.

შარშანდელ სამიტში სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ჯერჯერობით უცნობია, ვინ მიიღებს საქართველოდან მონაწილეობას "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტში, რომელიც რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

სამიტში თავისი მონაწილეობა უკვე დაადასტურეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, კანადისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრებმა, ჯასტინ ტრუდომ და ფუმიო კიშიდამ.

XS
SM
MD
LG