Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება სანქცირებული რუსი სენატორის ქალიშვილი


სენატორი ედუარდ ისაკოვი ქალიშვილთან, დიანა ისაკოვასთან ერთად
სენატორი ედუარდ ისაკოვი ქალიშვილთან, დიანა ისაკოვასთან ერთად

საქართველოში იმყოფება ხანტი-მანსის ავტონომიური ოლქის წარმომადგენელი რუსი სენატორის, ედუარდ ისაკოვის ქალიშვილი დიანა ისაკოვა, რომელმაც დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა.

ახლა საქართველოში ვარ და ამიტომ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. Instagram-ის საშუალებით არაფერი მომიყოლია იმის შესახებ, რაც ხუთი თვის განმავლობაში გადამხდა თავს. ბევრი რამ მოხდა. აქციას ვაწყობდი, პოლიციელებმა დამაკავეს, სოჭიდან წამოვედი, ბევრი ვიმოგზაურე, ვურთიერთობდი ხალხთან, ოპოზიციონერებთან, დავემშვიდობე ნათესავებს ციმბირში, საქართველოში ჩამოსვლას ვგეგმავდი და ბოლოს და ბოლოს ეს მოხდა“, - დაწერა ისაკოვამ ინსტაგრამზე.

25 წლის დიანა ისაკოვამ 18 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთის დატოვებას გეგმავდა და ომისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა. 19 აგვისტოს BBC-მ და „მედუზამ“ მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნეს. ის ამბობდა, რომ უკვე რამდენიმე წელია ოპოზიციურადაა განწყობილი და მამასთან რამდენჯერმე კონფლიქტიც მოუვიდა, მათ შორის ლგბტ თემის უფლებების საკითხებზეც. მარტში ის სოჭში გამართულ ომის საწინააღმდეგო მცირერიცხოვან აქციაზე გამოვიდა, აპრილში კი თავისივე ორგანიზებულ ანტისაომარ აქციაზე დააკავეს.

როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ქალიშვილის დაკავების შესახებ მამამისმა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინ მატვიენკოსგან შეიტყო.

თავად სენატორმა BBC-ს განუცხადა, რომ მატვიენკომ მას „ქალიშვილთან დალაპარაკება და სპეცოპერაციის საჭიროების მიზეზების ახსნა“ ურჩია.

დიანა ისაკოვას თქმით, მამასთან საუბარი იმით დასრულდა, რომ მან უთხრა: „შენ ჩემი ქალიშვილი აღარ ხარ“.

ინტერვიუს კომენტირებისას ფედერაციის საბჭოს წევრმა ედუარდ ისაკოვმა თავის ქალიშვილ დიანას „მოღალატე“ უწოდა, ტელეგრამის არხზე კი დაწერა, რომ მისმა ქალიშვილმა "მამა, ოჯახი და სამშობლო გაყიდა".

რთულია სიტყვების მოძებნა, როდესაც შენი ქალიშვილი მოღალატე აღმოჩნდება“, - დაწერა ისაკოვმა.

მან დაამატა, რომ დიანა მისი შვილია პირველი ქორწინებიდან, "რომლის აღზრდაშიც მონაწილეობა არ მიუღია სამი წლიდან“. მისივე განმარტებით, დიანა ისაკოვა ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში აღრიცხვაზე იმყოფება, თავს ლგბტ თემს მიაკუთვნებს და „მასთან ურთიერთობა რთულია“.

იმ მომენტიდან, როდესაც შევიტყვე მისი ანტირუსული პოზიციების შესახებ, ჩვენ არ ვურთიერთობთ, მე მას არ უზრუნველვყოფ და არც ვაძლევ საცხოვრებელს“, - დაწერა ისაკოვმა.

ედუარდ ისაკოვი დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და კანადის მიერ შემუშავებული სანქციების სიაშია. ის აქტიურად უჭერს მხარს ომს.

XS
SM
MD
LG