Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესიკ თამლიანს პატიმრობის საერთო, 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე 3 დღით ადრე გირაო შეუფარდეს


აქტივისტი ბესიკ თამლიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად გამართულ აქციაზე
აქტივისტი ბესიკ თამლიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად გამართულ აქციაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს, ბესიკ (ბაჩო) თამლიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი (5 000 ლარი) შეუცვალა. საქმე ის არის, რომ თამლიანს პატიმრობის საერთო, 9-თვიანი ვადა 29 აგვისტოს ეწურება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

ბრალდებული პროცესს პროტესტის ნიშნად არ დასწრებია. სასამართლო სხდომის შემდეგ ბესიკ თამლიანის დედამ თქვა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს. „9 თვე უმთავრდება 29 აგვისტოს. არ ვაპირებ გირაოს გადახდას და დაველოდები იმ სამ დღეს ციხეში და გამოვალ გირაოს გარეშეო", - თქვა რუსუდან თამლიანმა.

ბრალდებულის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ ბესიკ თამლიანი უარზე იყო გირაოთი შეცვლილიყო მის მიმართ გამოყენებული პატიმრობა, რატომღაც მოსამართლემ გამოიყენა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო. გირაოს გადახდას აპირებს თუ არა ბესიკ თამლიანი, ჩემთვის ამ წუთას შეუძლებელია ამის თქმა, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელ პროცესზე ის არ გამოცხადებულა. ბესიკ თამლიანი კატეგორიულ უარზე იყო, მის მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი".

პროკურორი ლევან ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ არსებობდა გირაოს შეფარდების საფუძველი. „დაცვის მხარემ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო ყველა ბრალდებული, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ კვლავ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც მტკიცებულებითი, ისე ფორმალური საფუძვლები", - თქვა პროკურორმა.

განახლება:

სასამართლო პროცესის დასრულებიდან დაახლოებით ერთ საათში, თბილისის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", ზვიად კუპრავამ, ციხიდან გათავისუფლებულ ბესიკ თამლიანთან ერთად სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა.

როგორც კუპრავამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტა, მოსამართლემ თამლიანისთვის გირაოს შეფარდების შემდეგ თანხის შეტანისთვის ერთთვიანი ვადა დააწესა და ბესიკ თამლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ზვიად კუპრავას განცხადებით, მოსამართლემ გირაოს შესაფარდებლად ბესიკ თამლიანის გათავისუფლებამდე დარჩენილი სამი დღე გამოიყენა. „როგორც ბესიკ თამლიანი ამბობს, ის არ აპირებს გირაოს გადახდას", - გვითხრა ზვიად კუპრავამ.

2022 წელი, 26 აგვისტო. აქტივისტი ბესიკ თამლიანი და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზვიად კუპრავა სასამართლო პროცესის შემდეგ
2022 წელი, 26 აგვისტო. აქტივისტი ბესიკ თამლიანი და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზვიად კუპრავა სასამართლო პროცესის შემდეგ

საქმის არსებითი განხილვა 15 სექტემბერს არის დანიშნული.

სხვა აქტივისტები - ემზარ სიუკაევი და სტეფანე გიქოშვილი გირაოს (5000 ლარის) შეფარდების შემდეგ მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა.

პოლიციამ ბესიკ თამლიანი დააკავა 2021 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე. მას ბრალი 30 ნოემბერს წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

ბესიკ თამლიანი ასევე ბრალდებულია 20 ივნისის საქმეზე და ის თავისუფლებაში 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იმყოფებოდა.

თამლიანი 55-ე ნომერი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შედგენილ პარტიულ სიაში.

XS
SM
MD
LG