Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ექსპერტი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეისწავლოს, თბილისშია


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლსმიტი, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ისტორია უნდა შეისწავლოს, თბილისშია. იგი დღეს, 28 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.

ასევე, გამთენიისას ჩამოვა მეორე, შვეიცარიელი ექსპერტიც. სწორედ ამ ორ ექსპერტზე გასცა ლიცენზია ჯანდაცვის სამინისტრომ. ისინი მიხეილ სააკაშვილს ხვალ, 29 აგვისტოს მოინახულებენ კლინიკა "ვივამედში".

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ექსპერტებმა უნდა მოამზადონ სასამართლო-სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

"ჩამოვიდა ამერიკელი ექსპერტი, გამთენიისას, 4 საათზე ჩამოფრინდება შვეიცარიელი და ამ დღეებში ჩამოვა კიდევ 2 ამერიკელი ექსპერტი. ერთი იმუშავებს დისტანციურად. მიზანია, დაწერონ სასამართლო-სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე", - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი უკვე 3 თვეა, 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკაში, "ვივამედში" მკურნალობს. მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" თანამშრომლები ამბობდნენ, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი პროტესტის შეწყვეტას დასთანხმდა, თუ სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს.

XS
SM
MD
LG