ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჟოზეპ ბორელი ევროპული კომისიის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ტექსტში წერს, რომ თალიბანის მმართველებს ავღანეთში ზომიერების არანაირი ნიშანი არ გამოუვლენიათ მას მერე, რაც ერთი წლის წინ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარეს - და ხალხისთვის ქვეყანაში არსებული ვითარება მძიმე რჩება.
"ავღანეთი, შესაძლოა, პრესის ყურადღების ცენტში აღარ არის. თუმცა მისი ხალხისთვის სიტუაცია მძიმეა" - წერს ბორელი 27 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში და განაგრძობს: "გასულ წელს თალიბანს ზომიერების არანაირი ნიშანი არ გამოუვლენია, პირიქით: ყველა გოგონას, უწინდელი დაპირებების მიუხედავად, აკრძალული აქვს განათლების მიღება, ქვეყნის დიდი ნაწილი (მოსახლეობის 70 პროცენტი) შიმშილის პირობებშია და ბევრი ავღანელი შიშში, ან გაძევებულად ყოფნის პირობებში ცხოვრობს".
ბორელის თქმით, ლოგიკურია, რომ თალიბანის თხოვნების მიუხედავად, "არც ერთ მთავრობას, მათ შორის არც პაკისტანს და არც ყატარს" არ უღიარებია მისი მთავრობა ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში.
თალიბანი ქაბულს 2021 წლის 15 აგვისტოს დაეპატრონა, რითიც ეს ფუნდამენტალისტური ჯგუფი ხელისუფლებაში დაბრუნდა თითქმის 20 წლის ინტერვალის შემდეგ - მას მერე, რაც ის დაემხო აშშ-ის შეჭრის შედეგად, 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ. თალიბანის რეჟიმი ჯერჯერობით არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. თავიდან თალიბანი მიანიშნებდა, რომ ამ ჯერზე მისი მმართველობა იქნებოდა უფრო ზომიერი, ვიდრე ხელისუფლებაში უწინ ყოფნისას იყო - თუმცა შემდეგ თალიბანის მმართველებმა კვლავ რადიკალური კურსი აირჩიეს, ქალებს წაართვეს უფლებები და ძლიერი კონტროლი დაამყარეს მედიაზე.