Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ომი ყირიმის და დონბასის ოკუპაციით დაიწყო და მათი განთავისუფლებით უნდა დასრულდეს


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 29 აგვისტო, 2022 წელი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 29 აგვისტო, 2022 წელი

თავის საღამოს ვიდეო მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 29 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის დამცველები ოკუპანტებს საზღვრამდე განდევნიან, უკრაინის საზღვრამდე, რომლის ზოლი არ შეცვლილა.

მისი თქმით, თუ სურს გადარჩეს, რუსეთის ჯარი უნდა გაიქცეს. წადით შინ! მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის არმიას. თუ გეშინიათ შინ დაბრუნებისა, კარგი, ასეთი ოკუპანტები დაგვნებდნენ და მათ ჩვენ მიცემით გარანტიებს ჟენევის კონვენციის შესაბამისად.

ვინც არ მომისმენს, თქვა ზელენსკიმ, მას საქმე ექნება ჩვენს დამცველებთან, რომლებიც არ გაჩერდებიან, სანამ არ გაათავისუფლებენ ყველაფერს, რაც უკრაინას ეკუთვნის.

ზელენსკის თანახმად, რასაც ის ამბობს, არ არის რამე განსაკუთრებული, არ არის ის, რაც ახლა დაიწყო. ამის შესახებ უკვე 187 დღეა ვლაპარაკობთ, თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ვის სურს იცოდეს ჩვენი გეგმების შესახებ? ამას ვერ შეიტყობთ ვერცერთი მოქმედი პასუხისმგებელი პირისგან. რადგან ეს არის ომი და ომში ასე ხდება,"თქვა ზელენსკიმ თავის მიმართვაში.

ზელენსკის თქმით, ომი დაიწყო ყირიმის და დონბასის ოკუპაციით და დასრულდება მათი განთავისუფლებით.

29 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ძალებმა სამხრეთით სხვადასხვა მიმართულებით დაიწყეს შეტევა. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა არმიის პრესცენტრის წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „კონტრშეტევა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს - ეს არის მტრის შევიწროება და მისთვის წინსვლის შესაძლებლობის არმიცემა. დღეს კი ჩვენ დავიწყეთ შეტევითი მოქმედებები, მათ შორის, ხერხონის ოლქში“.

ოპერატიული სამხედრო დაჯგუფების, „კახოვკის“ ცნობით, რუსეთის არმიის მიერ დაკავებულ ხერსონის ოლქში განადგურებულია თითქმის ყველა დიდი ხიდი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა უკრაინის თავდასხმის დაწყება, მაგრამ ამტკიცებს, რომ იგი წარუმატებელი აღმოჩნდა და მისმა ძალებმა უკრაინელებს დიდი ზარალი მიაყენეს. „მტრის მიერ თავდასხმის მცდელობამ სრული მარცხი განიცადა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ განცხადებების დამოუკიდებელი წყაროების საშუალებით შემოწმება ვერ მოხერხდა.

"მედუზას" თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა 29 აგვისტოს დააჯილდოვა სახელმწიფო ჯილდოებით უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინას ომის პერიოდში. ყველა მათგანი სხვადასხვა პერიოდში კიევს სტუმრობდა. „დამსახურებისთვის“ სხვადასხვა ხარისხის ორდენები მიენიჭათ დიზაინერს, დემნა გვასალიას, მსახიობებს, შონ პენს, ბენ სტილერს, ლდივ შრაიბერს, მუსიკალური ჯგუფის, Imagine Dragons-ის წევრებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, იტალიის პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის, დრონების მწარმოებელი ფირმის, „ბაირაქტარის“ ხელმძღვანელს, ჰალუქა ბაირაქტარს. მსახიობ ჯესიკა ჩესტეინს მიენიჭა „წმინდა ოლღას ორდენი“.

XS
SM
MD
LG