პროკურატურამ სახელმწიფოს ღალატში ბრალდებულის, გაზეთ „კომერსანტის“ ყოფილი სამხედრო კორესპონდენტ ივან საფრონოვისთვის 24 წლით კოლონიაში პატიმრობა მოითხოვა. ამის შესახებ „მედიაზონა“ იტყობინეა. საქმე დახურულ კარს მიღმა განიხილება მოსკოვის საქალაქო სასამართლოში.
საფრონოვს, რომელიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება იზოლატორში, სახელმწიფოს ღალატში ედება ბრალი და 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოცემა „პროექტის“ ჟურნალისტები, რომლებიც გაეცნენ საბრალდებო დასკვნას, აცხადებენ, რომ გამოძიების მტკიცებულებები უსაფუძვლოა.
„საფრონოვმა, რომელსაც ანგარება ამოძრავებდა, ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით მოიპოვა სახელმწიფო საიდუმლოები მათთან წვდომის მქონე მოხელეებისგან და გადასცა ორი დასავლური დაზვერვის აგენტებს - მარტინ ლარიშსა და დმიტრი ვორონინს,“ ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.
„პროექტმა“ დაწვრილებით გაარჩია ბრალდება. ჯერ ერთი, გამომძიებლებმა ვერ იპოვეს ვერცერთი მოხელე, ვინც საფრონოვს საიდუმლო მონაცემებს აწვდიდა.
მეორე - ჩეხეთის მოქალაქე ლარიშისა და გერმანელი პოლიტოლოგი ვორონინის უცხოურ სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობა დასტურდება მხოლოდ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით. „პროექტის“ ჟურნალისტების აზრით, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს „არ გაუჭირდებოდა ასეთი ცნობის დაწერა ფსბ-ს თხოვნით“. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ლარიში და ვორონინი მართლაც მუშაობდნენ უცხოური სპეცსამსახურებისთვის, იმის მტკიცებულება, რომ ჟურნალისტმა საფრონოვმა ამის შესახებ იცოდა, საბრალდებო დასკვნაში არ არის.
მესამე - გამოძიებამ ვერ დაამტკიცა, რომ საფრონოვმა მნიშვნელოვანი თანხა აიღო ლარიშისა და ვორონინისგან.
დაბოლოს, „სახელმწიფო საიდუმლო“, რომელიც თითქოს გაუმხილა საფრონოვმა უცხოურ დაზვერვას, თავისუფლად შეიძლება იქნეს მოპოვებული ინტერნეტში. „პროექტის“ ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს საფრონოვის მხოლოდ ერთი მტკიცებულება, რომელიც არ იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი - ის, რომ რუსეთის რამდენიმე სადაზვერვო თანამგზავრის გამოცდა დათქმულ ვადაში არ დასრულებულა.
„კომერსანტის“ ყოფილი სამხედრო კორესპონდენტი ივან საფრონოვი 2020 წლის ივლისში დააპატიმრეს. მას შემდეგ ის იზოლატორში იმყოფება. გამოძიება მიიჩნევს, რომ 2017 წელს ჟურნალისტმა ჩეხეთის დაზვერვას გადასცა საიდუმლო ინფორმაცია აფრიკაში რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ და ახლო აღმოსავლეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების საქმიანობაზე. გარდა ამისა, ის ეჭვმიტანილია საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში, რომელიც გერმანიის დაზვერვის ხელში აღმოჩნდა.
საფრონოვს ეკუთვნის რუსეთის მედიაში გამოქვეყნებული რამდენიმე გახმაურებული პუბლიკაცია რუსეთის არმიის, კოსმოსური და სამხედრო მრეწველობის შესახებ. გამომძიებლები უარყოფენ, მაგრამ ადრე ისინი საფრონოვს შეთანხმებას სთავაზობდნენ ჟურნალისტური წყაროების გათქმის სანაცვლოდ.