უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკი გამოირთო მას შემდეგ, რაც დღეს დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ნაღმმტყორცნების გამოყენებით დაცხრილეს სადგურის მოედანი და ავარიული დაცვის სისტემა ჩაირთო. „ენერგოატომის“ ცნობითვე, დაზიანებულია სარეზერვო კვების ხაზიც და სადგურის უკრაინელი თანამშრომლები აკეთებენ ყველაფერს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ბლოკის გამორთვას იუწყება ადგილობრივი პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაციაც, თუმცა, მიზეზად ასახელებს უკრაინელი სამხედროების შეტევას. ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელი როგოვი აცხადებს, რომ იერიშისას გამოყენებული იყო ამერიკული ჰაუბიცები.
უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა მარშრუტის სიახლოვეს ცეცხლის გახსნაშიც. დელეგაცია ატომური ელექტროსადგურისკენ მიემართება. Reuters-ის ინფორმაციით, მისიის ხელმძღვანელმა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ გაზრდილი სამხედრო აქტივობის მიუხედავად, მისია გაჩერებას არ აპირებს. ექსპერტებმა სადგურის მდგომარეობა უნდა შეამოწმონ.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილს, მათ შორის, ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის რაიონს 2022 წლის მარტიდან აკონტროლებენ. კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველ ქმედებებში.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია, 14 ექსპერტის შემადგენლობით, ვენიდან კიევში 30 აგვისტოს ჩავიდა, მეორე დღეს კი, ქალაქ ზაპოროჟიეში გაემგზავრა. ოლქის ოკუპირებული ნაწილის პრორუსული, ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ექსპერტებს არ მისცემდნენ სპეციალურ საშვებს ენერგოდარში შეუფერხებლად ჩასასვლელად და რიგში დგომა მოუწევდათ, რადგან თუ ეს არ სურდათ, ატომური ელექტროსადგურისკენ რუსეთის ტერიტორიიდან უნდა გამგზავრებულიყვნენ და არა კიევიდან.