დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ფინანსთა მინისტრები 2 სექტემბერს იმსჯელებენ აშშ-ის მიერ წამოყენებულ წინადადებაზე რუსეთის ნავთობის ფასების შეზღუდვის თაობაზე.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, ძლიერი დარტყმა მივაყენოთ პუტინის შემოსავლებს, რაც გამოიწვევს არა მხოლოდ მათ დაცემას, არამედ მსოფლიო ფასების ვარდნას ენერგომატარებლებზე,“ განუცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა კარინ ჯან-პიერმა ჟურნალისტებს.
G7-ის მინისტრები იმსჯელებენ იმაზე, როგორ დაადგინონ რუსული ნავთობის ფასების „ჭერი“, იმსჯელებენ ასევე მისი ტრანსპორტირების შესაძლო დაბლოკვაზე.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციები დაუწესეს რუსეთის ნავთობს, რამაც გამოიწვია რუსეთის ენერგომატარებლების ექსპორტის შემცირება და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდა.
ივლისში ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო იტყობინებოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი ყველაზე დაბალ დონეზე დაეშვა შარშან აგვისტოს შემდეგ, ფასების ზრდის გამო რუსეთმა 700 მილიონი დოლარით მეტი მოგება ნახა, რაც 40 პროცენტით მეტია 2021 წლის საშუალო მაჩვენებელზე.
Bloomberg-ის თანახმად, წლის დასაწყისიდან რუსეთს ნავთობით მიღებული შემოსავლები 50 პროცენტით გაეზარდა.
დასავლეთის ლიდერებმა გადაწყვიტეს, ეს პრობლემა გადაიჭრას რუსეთის ნავთობის ფასების შეზღუდვით, რომლის გადახდის უფლებაც აქვთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და მოვაჭრეებს. მაგრამ ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა გზით შეიძლება ამ მექანიზმის შემოღება. ზოგი ანალიტიკოსი გამოთქვამს შიშს გლობალური ენერგეტიკული კრიზისის საფრთხის შესახებ.
რუსეთმა ადრე განაცხადა, რომ თუ მის ნავთობზე „ფასების ჭერს“ დააწესებენ, ის საერთოდ შეწყვეტს ნავთობის მიწოდებას.
დიდ შვიდეულში შედიან დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და შეერთებული შტატები.
დაწერეთ კომენტარი