რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სსრკ-ს გარდაცვლილ პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვს მორგში გამოეთხოვა. ის ვერ შეძლებს დაკრძალვაზე დასწრებას, ვინაიდან კალინინის ოლქში გაფრინდა სამუშაო გრაფიკის შესაბამისად. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
გორბაჩოვთან დამშვიდობების ცერემონია 3 სექტემბერს გაიმართება, მოსკოვში, კავშირების სახლის სვეტებიან დარბაზში. პესკოვის თქმით, ცერემონიაზე იქნება „სახელმწიფო დაკრძალვის ელემენტები“, კერძოდ - საპატიო ყარაული. გორბაჩოვის ფონდმა დააზუსტა, რომ დარბაზში ყველა მსურველი თავისუფლად დაიშვება.
გორბაჩოვის დაკრძალვა იმავე დღეს გაიმართება ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, სადაც დაკრძალულია მისი მეუღლე - რაისა.
მიხეილ გორბაჩოვი, სსრკ-ს ერთადერთი პრეზიდენტი, 30 აგვისტოს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვის საავადმყოფოში. უკანასკნელ პერიოდში გორბაჩოვი მძიმედ ავადმყოფობდა და თითქმის არ ჩნდებოდა საზოგადოებაში.
თავისი მმართველობის პერიოდში გორბაჩოვი ატარებდა „პერესტროიკის“ (გარდაქმნის) პოლიტიკას, რასაც სსრკ-ში დემოკრატიული ცვლილებები და ცივი ომის დასრულება მოჰყვა. გორბაჩოვის კრიტიკოსთა თქმით, მისმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირის დაშლას, ეკონომიკურ და სოციალურ რყევებს.
1990 წელს მიხეილ გორბაჩოვს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა საგარეო პოლიტიკაში თავისი მოღვაწეობისთვის.