Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა, ჩემ გამო არ უნდა ყოფილიყო შეფერხება - ზურაბიშვილი ბაქრაძის დანიშვნაზე


პრეზიდენტმა განმარტა, რატომ დანიშნა გაეროში ელჩად დავით ბაქრაძე, მისი აშშ-ში საქმიანობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად. სალომე ზურაბიშვილის მტკიცებით, ელჩი არა დაძალებით, არამედ იმიტომ დანიშნა, რომ პროცესი არ შეფერხებულიყო.

მისივე თქმით, ოფიციალურ წარდგენამდე პრეზიდენტთან კონფიდენციალური კონსულტაციაა გათვალისწინებული, სადაც მან გამოთქვა "პროფესიონალური პოზიცია [დავით ბაქრაძის] საქმიანობაზე".

"ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა, ან რაღაცის შემეშინდა, არამედ იმიტომ, რომ აქამდე, სანამ ეს კონსულტაციები მიმდინარეობდა, მთავრდებოდა წარდგენით, ყველაზე ხელი მოვაწერე, რომ ჩემ გამო არ ყოფილიყო შეფერხება. ჩემი მოსაზრებები არ იქნა მოსმენილი, შეფერხება არ უნდა ყოფილიყო, მითუმეტეს ამ შემთხვევაში. გაეროს გენერალური ასამბლეა იმართება 3 კვირაში. ჩვენი ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არაა, რომ იქ არ ყოფილიყო საქართველოს ელჩი", - თქვა პრეზიდენტმა.

მანვე აღნიშნა ისიც, რომ სურს და ელოდება საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართული ოცნების" წამოწყებული დავის განხილვას. "საკონსტიტუციომ თავისი სიტყვა უნდა თქვას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და ბრიფინგზე მოყვა, რომ გაეროში ელჩის დანიშვნის შემდეგ, დღეს კიდევ 7 წარდგინება მიიღო მთავრობისგან კონსულტაციების გარეშე.

"ჩემი გადაწყვეტილება, რომელსაც დეპოლარიზაციისთვის ხელი უნდა შეეწყო, ასე არ იქნა მიღებული, რადგან დღეს, ოხ საკვირვებავ, მივიღე 7 წარდგენა ისე, რომ არცერთი კონსულტაცია არ ჩატარებულა. ეს არის ერთგვარი პასუხი ამ ჩემს გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების მხრიდან. მგონი საჭიროა, რომ საკონსტიტუციომ განიხილოს ეს საკითხი, განიხილოს ტექსტები, განიხილოს არსებული პრაქტიკა და ის დოკუმენტები, კონფიდენციალური რაც გვაქვს. პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილე, ამ დარგში, მითუმეტეს", - თქვა მან.

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ს ყოფილი ელჩი დავით ბაქრაძე 30 აგვისტოს განკარგულებით დაინიშნა გაეროში.

ივლისში „პირველ არხთან“ ინტერვიუში პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ უკმაყოფილო იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის მუშაობით, რის გამოც გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მის დანიშვნას ხელი არ მოაწერა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბაქრაძის ელჩობის დროს ვერც ვაშინგტონიდან თბილისში და ვერც თბილისიდან ვაშინგტონში ვერ მოხერხდა მაღალი რანგის ვიზიტები. ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, ელჩმა ვერ უზრუნველყო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის საქართველოს მილოცვის გადაცემა.

მთავრობამ პრეზიდენტთან ელჩების დანიშვნაზე უფლებების გასამიჯნად საკონსტიტუციო სასამართლოში დავა დაიწყო.

XS
SM
MD
LG