Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: ამერიკამ უნდა აირჩიოს წინსვლა, ან უკან დაბრუნება


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელი ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები დაადანაშაულა დემოკრატიის ხელყოფის მცდელობასა და პოლიტიკურ ძალადობაში. 1 სექტემბერს, პრეზიდენტი ბაიდენი მიმართვით: „ქვეყნის სულის გადარჩენისთვის“ გამოვიდა ფილადელფიაში, დამოუკიდებლობის პარკში და ამერიკელებს მოუწოდა, კონგრესის შუალედურ არჩევნებში უარი უთხრან პოლიტიკურ ექსტრემიზმს.

აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტის შეფასებით, დონალდ ტრამპის იდეოლოგიის, MAGA-ს მიმდევრები პატივს არ სცემენ კონსტიტუციას, ხელყოფენ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების და პირადი ცხოვრების თავისუფლების პრინციპებს და სურთ ქვეყანა უკან დააბრუნონ. ბაიდენის განცხადებით, ამერიკამ უნდა აირჩიოს წინსვლა, ან უკან დაბრუნება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა როგორც დემოკრატებს, ისე რესპუბლიკელებს მოუწოდა, გაერთიანდნენ პოლიტიკურ ექსტრემიზმსა და პოლიტიკურ ძალადობასთან საბრძოლველად. ჯო ბაიდენის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში თავს არწმუნებდნენ, რომ ამერიკული დემოკრატია გარანტირებულია, მაგრამ ეს ასე არ არის.

კონგრესის შუალედური არჩევნები, რომელიც 8 ნოემბერს გაიმართება, გადაწყვეტს, შეინარჩუნებენ თუ არა დემოკრატები უმრავლესობას სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერმა კევინ მაკკარტიმ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა ამერიკელების დაყოფის მცდელობაში და დემოკრატები გააკრიტიკა ქვეყანაში ინფლაციის და დანაშაულის გაზრდის გამო. მაკკარტის განცხადებით, ბაიდენი თავს ესხმის ამერიკის სულს, ხალხს, კანონებს და ფასეულობებს.

XS
SM
MD
LG