Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის ჯარებმა აიღეს დაბა ვისოკოპოლიე ხერსონის ოლქში


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის ხერსონის ოლქიდან ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის ჯარების იერიში გრძელდება და მათ ხელში გადავიდა ოლქის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი ვისოკოპოლიე.

ცნობა ოფიციალურად არ დაუდასტურებია არც უკრაინის გენერალურ შტაბს, არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ ისინი მოდის წყაროებიდან, რომლებიც კონფლიქტის ორივე მხარესთანაა დაკავშირებული. კერძოდ, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა იური მისიაჰინმა კვირას გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც, მისი სიტყვებით, აღბეჭდილია, როგორ აღმართავენ უკრაინელი ჯარისკაცები დროშას ვისიკოპოლიეს საავადმყოფოს სახურავზე.

Telegram-ში რუსეთის რამდენიმე არხი, რომელიც ომს აშუქებს, აცხადებს, რომ რუსეთის ჯარები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ დასახლებული პუნქტი. ამასვე აცხადებს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით პრორუსი სეპარატისტების შეიარაღებული რაზმების ყოფილი მეთაური იგორ სტრელკოვი.

ვისოკოპოლიეს რაიონში უკანასკნელ ხანებში ბრძოლები მიმდინარეობდა, დასახლებული პუნქტი რუსეთის თავდაცვის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი იყო ხერსონის ოლქის ჩრდილოეთში.

რუკაზე, რომელიც გუშინ საღამოს გამოაქვეყნა აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტმა (ISW), ვისოკოპოლიე აღნიშნული იყო ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის ჯარები აკონტროლებენ.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა აგვისტოს ბოლოს გამოაცხადა ხერსონის ოლქში კონტრიერიშის დაწყების შესახებ. ამასთან, უკრაინის სამხედროები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა გამოვიდა მოწოდებით, ენდონ მხოლოდ ხელისუფლების ოფიციალურ ინფორმაციას და არ მოელოდნენ წარმატებების შესახებ სწრაფ ანგარიშებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკანასკნელ დღეებში რამდენჯერმე იტყობინებოდა კონტრიერიშის „ჩავარდნის“ შესახებ.

საბრძოლო მოქმედებების რეგიონიდან მოსული არასრული ინფორმაცია საშუალებას იძლევა, ვივარაუდოთ, რომ მიმდინარეობს აქტიური შეტაკებები მნიშვნელოვანი დანაკარგით ორივე მხარეს.

თუკი ვისოკოპოლიეს აღება დადასტურდა, ეს უკრაინის ჯარების ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება იქნება კონტრიერიშის დაწყების შემდეგ. ISW-ის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ კონტრიერიშით ვერ მოხერხდება ხერსონის ოლქის ტერიტორიების დაუყოვნებლივ დაბრუნება და რომ უკრაინის ჯარები პირველ რიგში ცდილობენ, მოშალონ რუსეთის ძალების ლოგისტიკური ჯაჭვები ქვეყნის სამხრეთში და დაასუსტონ მათი შესაძლებლობები.

XS
SM
MD
LG