Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ ბრალი წაუყენა რუს გენერალს


განადგურებული რუსული ტექნიკა კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში. 2022 წლის მარტი
განადგურებული რუსული ტექნიკა კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში. 2022 წლის მარტი

უკრაინაში დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი რუს გენერალს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, კიევის დაპყრობის ოპერაციას ხელმძღვანელობდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 5 სექტემბერს განაცხადა, რომ დაასრულა გამოძიება აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ჩაიკოს წინააღმდეგ და სასამართლოს გაუგზავნა საბრალდებო აქტი.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დასაწყისში, ჩაიკო უშუალოდ მონაწილეობდა უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონების ტერიტორიებზე შეჭრის დაგეგმვაში, მომზადებასა და განხორციელებაში. გამოძიების თანახმად, კიევის დაპყრობის მცდელობისას რუსულ ქვედანაყოფებს სწორედ გენერალი ჩაიკო ხელმძღვანელობდა, მისი შტაბი განთავსებული იყო კიევის ოლქში, ბუჩის რაიონის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის შენობაში, თავის ქვეშევრდომებს კი, „სამხედრო დანაშაულის ჩადენისთვის“ კიევის ოლქში, ერთ-ერთი სკოლის სტადიონზე აჯილდოებდა. რუს გენერალს ბრალად ედება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და ხელშეუხებლობის ხელყოფა და აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება და გაჩაღება.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ეჭვმიტანილად გამოაცხადა რუსეთის არმიის კიდევ ერთი გენერალი, ესედულა აბაჩოვი, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაინიშნა ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის „სახალხო მილიციის“ მეორე კორპუსის მეთაურად და რუსულ ქვედანაყოფებს აღმოსავლეთის მიმართულებით ხელმძღვანელობდა.

პრეზიდენტ პუტინის მიერ "რუსეთის გმირის" წოდებით დაჯილდოებული აბაჩოვის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს განზრახ ქმედებისთვის, რომლის მიზანი იყო უკრაინის ტერიტორიის საზღვრების შეცვლა, რამაც ადამიანების სიკვდილი და სხვა მძიმე შედეგები გამოიწვია და პირთა ჯგუფთან შეთანხმებით აგრესიული ომის დაგეგმვის, მომზადებისა და გაჩაღებისთვის.

XS
SM
MD
LG