ისლამისტურმა ჯგუფმა, ჰამასმა, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, განაცხადა, რომ 4 სექტემბერს სიკვდილით დასაჯა ხუთი პალესტინელი, მათ შორის ორი ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, იმ საქმეებიდან გამომდინარე, რომლებიც 2009 და 2015 წლებით თარიღდება.
ჩამოხრჩობის, ან მსროლელთა ბრიგადების გზით განხორციელებული სიკვდილით დასჯის ეს შემთხვევები პალესტინელთა ტერიტორიაზე პირველია 2017 წლის შემდეგ.
პალესტინური და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები სისტემატურად გმობენ სიკვდილით დასჯას და ჰამასს მოუწოდებენ შეწყვიტოს ეს პრაქტიკა.
ჰამასს არ გამოუქვეყნებია დასჯილი პირების სახელები, თუმცა თქვა, რომ სამი მათგანი მკვლელობაში სცნეს დამნაშავედ.
ჯაშუშობაში დადანაშაულებული პირების ასაკი იყო 44 და 54 წელი. ჰამასის თქმით, ისინი ისრაელის ხელისუფლებას აწვდიდნენ ინფორმაციას, რომელსაც შედეგად პალესტინელთა მკვლელობა მოჰქონდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.
პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს, ფორმალურად ბოლო სიტყვა ეკუთვნის სიკვდილით დასჯის განაჩენის განხორციელებაში, თუმცა მას არ აქვს რეალური კონტროლი ჰამასის მიერ მართულ ღაზაზე.