Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რადიკალიზაციის ნორმალიზებას ხელს ვერ შევუწყობ" - პაპუაშვილმა განმარტა, რატომ არ მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განმარტა, რატომ არ იღებს მონაწილეობას უკრაინის თემაზე თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით იმართება. შალვა პაპუაშვილი მიწვეული იყო კონფერენციის ერთ-ერთ სპიკერად, რაზეც გასულ კვირაში თქვა უარი.

პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან თავისი გადაწყვეტილება, არ მიეღო მონაწილეობა მაღალი რანგის საერთაშორისო კონფერენციაში, ახსნა, როგორც მცდელობა პოლარიზაციის შესამცირებლად. მისი თქმით, კონფერენციაში მონაწილეობენ რადიკალური ჯგუფები რადიკალური დღის წესრიგით და მისი მათთან ერთად ყოფნა რადიკალიზაციის წახალისება იქნებოდა.

„მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით უკრაინის თემასთან დაკავშირებით, რომ ბევრი ასეთი განხილვა იყოს, რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას ამ კონფერენციაში, აქ არის ერთი ასპექტი: ჩვენ ვნახეთ ამ კონფერენციის დაწყებისას, რომ კონფერენციის ფარგლებში გაკეთდა კომენტარები, მაგალითად ევროპული საქართველოსგან განცხადებები, რომელიც რეჟიმის ცვლილებასა და პარლამენტის დელეგიტიმაციისკენ არის მიმართული.

სამწუხაროდ, ამ კონფერენციაში, მათ შორის პანელებზე წარმოდგენილი არიან სწორედ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც რადიკალური დღის წესრიგი აქვთ. დღეს მთავარი პრობლემა რადიკალიზაციაა და რა თქმა უნდა, მე პირადად რადიკალიზაციას ვერანაირად ვერ წავახალისებ და რადიკალიზაციის ნორმალიზებას ხელს ვერ შევუწყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, სადაც წარმოდგენილი არიან რადიკალური ჯგუფები. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ დეპოლარიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, მნიშვნელოვანია, რადიკალიზაციის ნორმალიზება არ მოხდეს. ისე წარმოჩენა, თითქოს რადიკალური დღის წესრიგი რაღაცნაირად ლეგიტიმირებულია" - თქვა შალვა პაპუაშვილმა. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ კონფერენციაში მონაწილეების განცხადებები და კომენტარები რადიკალიზაციის გაღრმავებას ემსახურებოდა. ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ეს კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმა პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის, პაპუაშვილმა თქვა, რომ მთავრობას "სათქმელის მიტანის პრობლემა" არ აქვს.

"სათქმელის მიტანის პრობლემა არ არის, განსაკუთრებით კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებიდან და მედიასაშუალებებიდან გამომდინარე, ჩვენ სათქმელს ყოველთვის მივიტანთ. მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ სწორედ ეს შეაფასოსო, რომ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ახდენენ მდგომარეობის რადიკალიზაციას, ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ, დასავლურ და დემოკრატიულ მომავალს. როცა ვხედავთ, რომ ამაში მონაწილეობენ ჯგუფები, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური წარსულიდან და ოპოზიციური აწმყოდან გამომდინარე, ანტიდემოკრატიული ჯგუფები არიან, მათ შორის, ნაწილობრივ არიან ძალადობის წამქეზებლებიც, რა თქმა უნდა, ამ რადიკალური დღის წესრიგის ნორმალიზებას არ მოვახდენთ“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის თემაზე 5-6 სექტემბერს, სასტუმრო სტამბაში იმართება და მასში მაღალი დონის საერთაშორისო სტუმრები, დიპლომატები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკის კომენტატორები იღებენ მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG