ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ, "ისლამურმა სახელმწიფომ" პასუხისმგებლობა იკისრა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ ქაბულში, რუსეთის საელჩოს წინ განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც ემსხვერპლა სულ მცირე ექვსი ადამიანი, მათ შორის საელჩოს ორი თანამშრომელი.
ჯგუფმა 5 სექტემბერს ტელეგრამით დაწერა, რომ მისმა წევრმა ქაბულში "თვითმკვლელის ჟილეტი ააფეთქა თავშეყრაზე, რომელსაც რუსი თანამშრომლები ესწრებოდნენ".
თავდასხმას ასევე ემსხვერპლა ოთხი ავღანელი, რომლებიც საკონსულოს მომსახურებას ელოდნენ, დაიჭრა კიდევ 10-ზე მეტი პირი - უთხრა ქაბულის პოლიციის პრესმდივანმა, ხალიდ ზადრანმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ თავდასხმა მოხდა ქაბულის დროით დილის 10 საათსა და 50 წუთზე, "ქაბულში რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიაზე". განცხადებაში მსხვერპლის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ არის მოტანილი, თუმცა მანამდე რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, რია ნოვოსტი იუწყებიდა, რომ დაიჭრნენ ერთი დიპლომატი და დაცვის ერთი წევრი. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ინციდენტს უწოდა "ტერორისტული აქტი".
რუსეთი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებმაც ქაბულში მოქმედი საელჩო დატოვეს, ქვეყნის სათავეში 2021 წლის აგვისტოში თალიბანის მოსვლის შემდეგ.