Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინური კვლევითი ცენტრი - CREA: რუსეთი ენერგომატარებლების გაყიდვით მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ომზე ხარჯავს


რუსეთ-ევროპის მილსადენი "დრუჟბა"
რუსეთ-ევროპის მილსადენი "დრუჟბა"

რუსეთის შემოსავალი, რომელსაც ის უკრაინაში შეჭრის შემდეგ წიაღისეული ენერგომატარებლების გაყიდვით იღებს, ბევრად აღემატება ომის ხარჯებს.

ამის თაობაზე წერია ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის ფინური ცენტრის - CREA - ანგარიშში, იტყობინება „ევროპეისკაია პრავდა“ გერმანულ გამოცემა „შპიგელზე“ დაყრდნობით.

გამოკვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ექვსი თვის მანძილზე რუსეთმა 158 მილიარდი ევროს შესაბამისი შემოსავალი ნახა. მეორე მხრივ, ომის ხარჯები ფასდება 100 მილიარდ ევროდ. ანალიზი ეხება ნავთობის, გაზის და ქვანახშირის ექსპორტს 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე და აჯამებს საზღვაო და მილსადენებით ტრანსპორტით მონაცემებს. მათ თანახმად, უდიდესი მომხმარებელია ევროკავშირი, რომელმაც 85 მილიარდი ევრო გადაიხადა და მას მოჰყვება ჩინეთი - რომელსაც რუსეთიდან მიღებული ენერგომატარებლები 35 მილიარდი ევროს შესაბამისი თანხა დაუჯდა. ევროკავშირში რუსეთის ენერგორესურსების უდიდესი მომხმარებელია ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე გერმანია.

CREA-ს მკვლევარი, ლაური მილივირტა განმარტავს, რომ რუსეთი კვლავაც იღებს სარეკორდო შემოსავალს მიუხედავად იმისა, რომ ასე შემცირდა საწვავის ექსპორტის მოცულობა. „რათა ამას შევებრძოლოთ, საჭიროა მთავრობებმა დააწესონ ტარიფები ან რუსეთიდან იმპორტის ფასების შეზღუდვა და დააჩქარონ ენერგომომარაგების ზომები“ - ფიქრობს მილივირტა. მისი აზრით, პირველ რიგში უნდა მოხდეს ნავთობის და გაზის მოხმარების შემცირება „სუფთა ენერგიის და ელექტროენერგიის გამოყენების დაჩქარებით თბური ტუმბოების და ელექტრომობილების საშუალებით“, აღნიშნავს ის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG