Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო ჩხარტიშვილი გამოეხმაურა უკრაინული სამთავრობო საიტის, „ომი და სანქციების“ სიაში შეყვანას


ფოტო არქივიდან: ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.
ფოტო არქივიდან: ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც რამდენიმე ქართველთან ერთად, უკრაინულმა სამთავრობო საიტმა „ომი და სანქციები" სიაში შეიყვანა, განცხადებას ავრცელებს. ჩხარტიშვილი მისთვის მიყენებული ზიანის გამო საერთაშორისო დავას გეგმავს. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ სია მტკნარ სიცრუეზეა აგებული.

„ქართულ საინფორმაციო საშუალებებში, ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე სანქციების „მომლოდინე“ ქართველი ბიზნესმენების სიის თაობაზე გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იმთავითვე მინდა განვაცხადო, რომ ადგილი აქვს მცდელობას, რამდენიმე კვირის წინ ელენე ხოშტარიას და „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ ხელოვნურად აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის საერთაშორისო არენაზე გატანა მოხდეს.

გამოქვეყნებული სია არის მტკნარ სიცრუეზე აგებული მორიგი „ფეიკი", რომელსაც ქართველი ავტორები ჰყავს, იქნება ეს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი, თუ რადიკალების მედიარუპორები, რომლებმაც, კონკრეტულად ჩემ წინააღმდეგ, საჯაროდ არაერთხელ გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანის მიზნით, რუსულ კომპანია „როსნეფტთან“ ჩემს ღია და ოფიციალურ პარტნიორობაზე.

რეალობა კი ისაა, რომ არ არსებობს არანაირი ფაქტი, ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჩემს კავშირს მათ მიერ დასახელებულ რუსულ კომპანია „როსნეფტთან“, ან „პეტროკასა“, თუ „გალფთან“ და „ფოთის პორტთან“. ბრალდებების გამიზნულ ფალსიფიკაციაზე მეტყველებს ისიც, რომ ოფიციალურმა უწყებებმა კატეგორიულად უარყვეს მითითებული პირების მიერ დასახელებული სანქცირებული ტვირთების საქართველოში შემოტანის ფაქტი", - ნათქვამია ვანო ჩხარტიშვილის განცხადებაში.

ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ მისი კომპანიები გამიზნულად არ მონაწილეობენ სახელმწიფო ტენდერებში.

„ჩემი დაფუძნებული კომპანიები, რომლებიც სმარტ კაპიტალის ჰოლდინგის ქოლგის ქვეშ საქმიანობენ, არიან ღია და გამჭვირვალე ბიზნეს სტრუქტურები. ჩვენ გამიზნულად არ ვმონაწილეობთ სახელმწიფო ტენდერებში, ხოლო ჩვენს საქმიანობას, ყოველწლიურად, აუდიტს უკეთებს მსოფლიოს ოთხეულში შემავალი აუდიტორული კომპანია „დელოიტი“, რომელიც ჰოლდინგში შემავალ ყველა ფირმას ფარავს. მისი დასკვნა არის საჯარო და ყველა მსურველს შეუძლია ნახოს და დარწმუნდეს, რომ არანაირი კავშირი რუსულ კომპანიებთან ჩვენ არ გვაქვს.

ზემოაღნიშნულმა პირებმა ეს კარგად იციან, მაგრამ არც მალავენ ამდაგვარი დაუსაბუთებელი ბრალდებების მიზანს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ სანქცირების გადაწყვეტილებები მიიღონ და ამით ქვეყანაში გარკვეული დაძაბული პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან. ამასვე ემსახურებოდა გუშინ გამოქვეყნებული სიაც, რათა რადიკალების ფეიკებს, საერთაშორისო ფიასკოს ფონზე, რამენაირი „საერთაშორისო“ ლეგიტიმაცია მაინც მისცემოდა", - აღნიშნავს ის.

ვანო ჩხარტიშვილი საერთაშორისო სამართლებრივ დავას გეგმავს და აცხადებს, რომ ოპონენტებ სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევთ.

„სასაცილოა ეს ყველაფერი, რომ არ იყოს დაკავშირებული ისეთ სენსიტიურ სფეროსთან, როგორიცაა ბიზნესი. მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაცია, ჩემთვის, საფინანსო ინსტიტუტებთან, თუ საქმიან წრეებთან ურთიერთობაში, შეიძლება, აღმოჩნდეს გარკვეული რეპუტაციული ზიანის მომტანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლონდონის ავტორიტეტული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ უკვე მიმდინარეობს ჩემთვის და ჩემთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უსაფუძვლო ბრალდებებით მიყენებული ზარალის მასშტაბების შესწავლა, რომლის შემდეგაც იგეგმება სასამართლო პროცედურების დაწყება საერთაშორისო, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს სასამართლო იურისდიქციაში. გასაგები რომ იყოს, განვმარტავთ, რომ ჩემ მიმართ გავრცელებულმა ცრუ ბრალდებებმა, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ჩემს პარტნიორ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომელთა კომპანიების საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და მიყენებული ზიანის შესაძლო ფაქტი გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს იურისდიქციას განეკუთვნება. შესაბამისად, ოპონენტებს სათანადო ფასის გადახდა მოუწევთ და შესაძლებელია, გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით სოლიდური კომპენსაციის გადახდა დაეკისროთ. ანალოგიური რეაგირება გვექნება ნებისმიერ მცდელობებზე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებით საქმიანი რეპუტაცია შემილახონ მე და ჩემს კომპანიებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

უკრაინული პორტალი „ომი და სანქციები“ იმ 12 ქართველის მონაცემებს აქვეყნებს, რომლებიც ვებსაიტის შემქმნელების აზრით, საქმიანობის, კავშირების ან უკრაინაში ომთან დამოკიდებულების გამო, შესაძლოა სანქცირებულთა სიის კანდიდატობას იმსახურებდნენ.

4 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-საიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, პორტალი „ომი და სანქციები“ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა შექმნილი. ის შეიცავს ინფორმაციას ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანქცირებული პირების შესახებ.

პორტალის მთავარი მიზანი - უცხო ქვეყნების მთავრობების და მოქალაქეების ინფორმირებაა უკვე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გლობალური კამპანიის მიმართ სანქციების სიის გაფართოებასთან დაკავშირებით იმ პირთა მიმართ, ვინც ომს ფინანსურ და საინფორმაციო მხარდაჭერას უცხადებს. ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეკონომიკურ ზეწოლას ომის თანაორგანიზატორებზე და მოაახლოებს უკრაინის გამარჯვებას“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პორტალის წესების მიხედვით, ელექტრონულ მისამართზე მონაცემების გაგზავნა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირსაც. „საიტის მეშვეობით ნებისმიერს შეუძლია მოითხოვოს სანქციების დაწესება მათთვის, ვინც ამას იმსახურებს“. პორტალის შემქმნელები ეყრდნობიან უკრაინის ანტიკორუფციულ კანონმდებლობას და მომხმარებლებისთვის განმარტავენ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს მათ მიერ გამოქვეყნებულ სიაში.

ამჟამად საიტზე განთავსებულია, იმ რამდენიმე ათეული ფიზიკური პირის მონაცემი, რომლებიც უკვე მოხვდნენ სხვადასხვა ქევყნის მიერ დაწესებულ სანქცირებულთა სიაში.

ასევე ატვირთულია იმ პირთა სია, ვისზეც ჯერ სანქციები არ გავრცელებულა. მაგრამ, პორტალის შემქმნელთა მიერ, ამ პირების ბიოგრაფიული ცნობების საფუძვლებზე, შესაძლოა მომხმარებელმა მიიჩნიოს, რომ ისინი იმსახურებდნენ სანქცირებულთა სიაში მოხვედრას.

სწორედ ამგვარ სიაშია საქართველოს 12 მოქალაქეც. მათი უმრავლესობა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავი ან პოლიტიკური თუ ბიზნესგარემოცვის წევრია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პორტალს მოგვიანებით დაემატება იურიდიული პირების ჩამონათვალიც.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სიაში ბიძინა ივანშვილის შეყვანა არის აბსურდული თემა და მასზე კომენტარის გაკეთება არის არარელევანტური.

„ჩვენ მანამდეც გვახსოვს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების განცხადებები ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქ ახალი არაფერია. მათი ერთ-ერთი ლიდერი, არახამია გამოდიოდა პირდაპირ ამ მოთხოვნით. სიახლე აქ არაფერია ამაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, საიდან, რა, როგორ ხდება, მაგრამ არც ამაზე გვსურს საუბარი. ზოგადად, ამ თემაზეც არ გვინდა კომენტარის გაკეთება. ზოგადად აბსურდია ეს ყველაფერი", - თქვა კობახიძემ.

XS
SM
MD
LG