Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟოზეპ ბორელი: საქართველოს ევროპულ ამბიციებს თან პასუხისმგებლობებიც ახლავს


ჟოზეპ ბორელი ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. 6 სექტემბერში
ჟოზეპ ბორელი ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. 6 სექტემბერში

ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა ჩატარდა.

მისი დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გზით შეძლებს ქართველი ერი საკუთარი ევროპული ამბიციების რეალობად ქცევას.

“მაგრამ ამ ამბიციებს თან პასუხისმგებლობებიც ახლავს. პირველი - გააგრძელოთ მნიშვნელოვანი რეფორმების ჩატარება, განსაკუთრებით იმ 12 პრიორიტეტის, რომელიც ევროპულმა კომისიამ გამოყო. და მეორე - სცადოთ პოლარიზაციის დაძლევა, ააგოთ ხიდები პოლიტიკურ ძალებს შორის, და გააერთიანოთ ქართველი ერის ძალისხმევა, რათა შეუერთდეთ ევროკავშირს. ეს უნდა გააკეთოს არამხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ მთლიანად პოლიტიკურმა სპექტრმა, მთლიანად საზოგადოებამ” - თქვა მან.

ბორელმა შეახსენა საქართველოს, რომ ევროკავშირი მისგან დემოკრატიის პრინციპების, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და მედიათავისუფლების პატივისცემას მოელის. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, თუმცა “მთავარი პასუხისმგებლობები მმართველ პარტიას ეკისრება”.

წელს საბჭოს სხდომა უკვე მეშვიდედ გაიმართა. ჟოზეპ ბორელი საბჭოს თავმჯდომარეა ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს მხრიდან საბჭოს ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. მათ შორის: დაძლიოს პოლიტიკური პოლარიზაცია, ჩაატაროს სასამართლოს რეფორმა, გაათავისუფლოს ის პოლიტიკური ზეგავლენისგან, უკეთ დაიცვას უმცირესობების უფლებები, და ებრძოლოს კორუფციას.

XS
SM
MD
LG