ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის კიდევ 675 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას. ამის შესახებ დღეს, 8 სექტემბერს გერმანიაში, რამშტაინში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა. მისი ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 105-მილიმეტრიან ჰაუბიცებს, საარტილერიო ჭურვებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), ტანკსაწინააღმდეგო და ცეცხსლსასროლ იარაღს და ა.შ.
შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვიც.
რამშტაინის ამერიკულ ბაზაზე მიმდინარეობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მეხუთე შეხვედრა. ჯგუფს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, ლოიდ ოსტინი ხელმძღვანელობს. მან სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად საერთო ძალისხმევის შედეგი ბრძოლის ველზე უკვე ჩანს. ოსტინის თქმით, მოკავშირეებს და პარტნიორებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი წინააღმდეგობა გაუწიონ უკანონო, იმპერიულ და გაუმართლებელ დამპყრობლურ ომს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 12.9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება. თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულია უკრაინის არმიისთვის გადაცემული შეიარაღების და სხვა საშუალებების ჩამონათვალი, მათ შორის 16 HIMARS-ი. ამ ამერიკულ სარაკეტო სისტემებს უკრაინელი სამხედროები წარმატებით იყენებენ რუსეთის ჯარების პოზიციების წინააღმდეგ.