ლატვიის პარლამენტმა - სეიმმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას ავალდებულებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებიდან გამოსვლას. ლატვიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი წესდება ახალ კანონს უნდა მოარგოს 2022 წლის 31 ოქტომბრამდე. როგორც გამოცემა Delfi წერს, კანონი განსაზღვრავს მიტროპოლიტის, არქიეპისკოპოსებისა და ეპისკოპოსების არჩევის და გადაყენების წესს და არ ეხება კანონიკურ საკითხებს.
პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით რამდენიმე დღის წინ მიმართა პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა. მისი განცხადებით, მოსკოვის საპატრიარქოსთან ნებისმიერ კავშირზე უარის თქმა არსებითი საკითხია ლატვიელი მართლმადიდებლების, მთელი საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. პრეზიდენტის თანახმად, დამოუკიდებელ, სამართლებრივ და დემოკრატიულ ლატვიაში მართლმადიდებლებს საკუთარი, დამოუკიდებელი ეკლესია უნდა ჰქონდეთ.
ლატვია იმ სახელმწიფოებს შორისაა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის პატრიარქ კირილეს ადანაშაულებენ ომის მხარდაჭერაში.
ლატვიის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი დაგმო რუსეთის ეკლესიამ. პატრიარქ კირილეს მრჩეველმა, ნიკოლაი ბალაშოვმა კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „რია-ნოვოსტის“ უთხრა, რომ ეს არის ეკლესიის საქმეებში სახელმწიფოს „შეშლილი ანტიკონსტიტუციური შეჭრა“. მოსკოვის საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საერო ხელისუფლება ვერ განსაზღვრავს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სტატუსს.
ლატვიის მართლმადიდებელი, თვითმმართველი ეკლესია რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაშია მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან. მის სინოდს მართავს ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო ამტკიცებს. ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია 82 წლის მიტროპოლიტი ალექსანდრ კუდრიაშოვი.
ლატვიის 1.8-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს რუსები შეადგენენ. ქვეყანაში 700 ათასზე მეტი ლუთერანი, 500 ათასამდე კათოლიკე და დაახლოებით 370 ათასი მართლმადიდებელი ცხოვრობს.
ლატვიის კანონმდებლობით, ეკლესია სახელმწიფოსგან გამიჯნულია, თუმცა, 2019 წელს მიღებული კანონით, მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტობა, ან ეპისკოპოსობა შეუძლია მხოლოდ ლატვიის მოქალაქეს, რომელიც სულ მცირე 10 წელია ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობს.