Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში სასამართლოს წინაშე წარდგა


ანდრეი ბაბიში
ანდრეი ბაბიში

პრაღაში 12 სექტემბერს ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის სასამართლო პროცესი დაიწყო. მას ბრალად ედება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 2 მილიონი ევროს ოდენობით თანხის სუბსიდიით თაღლითობა. პროკურატურის ინფორმაციით, ბაბიში უკანონოდ იყენებდა სუბსიდიებს პრაღის გარეუბანში მდებარე სასტუმროში საკუთარი საკონფერენციო ცენტრის ასაშენებლად. ჩეხი პოლიტიკოსი ბრალდებას უარყოფს და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ბაბიშმა დამალა ის ფაქტი, რომ ის იყო საკონფერენციო ცენტრისა და სასტუმროს ფაქტობრივი მფლობელი, რათა საკუთარი ბიზნესინტერესებისთვის გამოეყენებინა მხოლოდ მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სუბსიდიები.

თუ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს, ბაბიშს შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს. მაგრამ ამჟამად პროკურატურა მისთვის პირობითი მსჯავრის და ჯარიმას შეფარდებას ითხოვს. სასამართლოს გადაწყვეტილება არა უადრეს ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

საქმეზე გამოძიება მაშინ დაიწყო, როდესაც ბაბიში ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო და მას შემდეგ რამდენიმე წელია გრძელდება.

68 წლის მილიარდერი ანდრეი ბაბიში ჩეხეთში უმსხვილესი ოპოზიციური პარტია ANO-ს ხელმძღვანელია. 2014-2017 წლებში იგი იყო ჩეხეთის ფინანსთა მინისტრი, ხოლო 2017-დან 2021 წლამდე - მთავრობის მეთაური. გასულ წელს მისმა პარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობით პირველი ადგილი დაიკავა, კოალიცია ვერ შექმნა და ოპოზიციაში აღმოჩნდა. სავარაუდოა, რომ ბაბიში კანდიდატურას დააყენებს საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც ჩეხეთში 2023 წლის იანვარში ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG