ქართველი ბიზნესმენის, ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შარხან გაკაევი დააკავეს კიევის მახლობლად. რუსეთის მოქალაქე, წარმოშობით ჩეჩენი შარხან გაკაევი კიევის ოლქში, ბელაია-ცერკოვში პოლიციელებმა აიყვანეს, როგორც „ქილერთა" დაჯგუფების წევრი. ამის შესახებ 12 სექტემბერს „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე კიევის პოლიციის უფროსმა ანდრეი რებიტოვმა დაწერა.
სამართალდამცველის თქმით, 2019 წლის 26 ნოემბერს კიევის ცენტრიდან გაუჩინარდა 52 წლის ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი, გარკვეული დროის შემდეგ კი მისი ცხედარი, რომელსაც აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები, ჭაში იპოვეს. ნებიკოვის განცხადებით, კაცი მას შემდეგ დაიღუპა, რაც დაქირავებულმა მკვლელებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მკერდსა და ყელში რამდენჯერმე ესროლეს. 2020 წლის 1 მარტიდან გაკაევზე გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა.
ეჭვმიტანილს უვადო პატიმრობა ემუქრება.
მედია იუწყებოდა, რომ ამ საქმეზე ეჭვმიტანილები ასევე იყვნენ ბოგდან მეხედა და რიდვან ალიხანოვი. ისინი, თავის მხრივ, უარყოფენ დავითაშვილის მკვლელობაში მონაწილეობას და ირწმუნებიან, რომ გაკაევის მოთხოვნით მხოლოდ გვამი გადამალეს.
აგვისტოს დასაწყისში უკრაინის უშიშროების სამსახური დაქირავებულ მკვლელთა დაკავების შესახებ იუწყებოდა, რომლებიც გეგმავდნენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის და უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის მკვლელობას.