Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომმა სერიოზულად დაასუსტა რუსული არმიის პრესტიჟული ნაწილი


უკრაინელი სამხედრო რუსეთის არმიის განადგურებულ ტანკზე ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის რაიონში. 2022 წლის 11 სექტემბერი
უკრაინელი სამხედრო რუსეთის არმიის განადგურებულ ტანკზე ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის რაიონში. 2022 წლის 11 სექტემბერი

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის ხარკოვის ოლქიდან ბოლო ერთ კვირაში გაყვანილი ქვედანაყოფები იყვნენ პირველი სატანკო არმიის შემადგენლობაში, რომელიც დასავლეთის სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაშია.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ გვარდიის პირველმა სატანკო არმიამ მძიმე დანაკარგი განიცადა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწყის ეტაპზევე და ხარკოვის ოლქში უკრაინის არმიის კონტრშეტევამდე სრულად აღდგენილი არ იყო.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილის, პირველი სატანკო არმიის დანიშნულებაა მოსკოვის დაცვა და კონტრშეტევა ნატოსთან ომის შემთხვევაში. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, პირველი სატანკო არმიის და დასავლეთის სამხედრო ოლქის სხვა ფორმირებების სერიოზულად დეგრადირებამ მნიშვნელოვნად დაასუსტა ნატოსთვის წინააღმდეგობის გასაწევად განკუთვნილი რიგითი ძალებიც და რუსეთს ამ პოტენციალის აღსადგენად სავარაუდოდ, წლები დასჭირდება.

უკრაინის არმიამ სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის იმ ნაწილზე, რომელსაც რუსეთი ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში აკონტროლებდა და ეს ტერიტორია დაიბრუნა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 სექტემბერს დაადასტურა ხარკოვის ოლქის ბალაკლეის და იზიუმის რაიონებიდან ჯარების გაყვანა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რასაც ოფიციალურად უწოდა "გადაჯგუფება" დონეცკის მიმართულებით "ძალისხმევის გასაძლიერებლად".

XS
SM
MD
LG