აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით. მისივე ცნობით, 13 სექტემბრის 09:00 საათიდან ამოქმედებული რეჟიმი სომხეთის არმიამ მალევე დაარღვია, თუმცა, 09:15 საათიდან აღდგა.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო. რადიო თავისუფლების სომხური სამსახური მთიანი ყარაბაღის ე.წ. საინფორმაციო შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ 09:00 საათისთვის სიტუაცია შედარებით სტაბილური გახდა.
წუხელ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, გვიან ღამით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა დანაღმეს აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებს შორის არსებული რაიონები და გზები, ამ აქტების აღსაკვეთად აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ მიღებულ ზომებს კი, მოჰყვა ბრძოლა და დანაკარგი ორივე მხრიდან. ინფორმაციას დაღუპულთა შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს.
მთიანი ყარაბაღის გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ორი წლის წინ განახლდა. 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი". კონფლიქტის ზონაში სიტუაცია დაიძაბა 2022 წლის აგვისტოშიც.