Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აშშ-სგან 300 კილომეტრის რადიუსზე მოქმედ შეიარაღებას ითხოვს - WSJ

აშშ-ის მიერ უკრაინისათვის გადაცემული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ი
აშშ-ის მიერ უკრაინისათვის გადაცემული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ი

უკრაინა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისგან დამატებითი შეიარაღების, მათ შორის შორი მოქმედების სარაკეტო სისტემების მიწოდებას ითხოვს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იმ დოკუმენტზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც უკრაინის მთავრობამ ამერიკელ კონგრესმენებს გაუგზავნა.

სიაში შედის 29 ტიპის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ჩამონათვალი, რომელიც, კიევის აზრით, "2023 წელს შეტევითი ოპერაციის გასაგრძელებლად არის საჭირო". მათ შორის არის: ტანკები, უპილოტო საფრენი აპარატები, Harpoon-ის კლასის გემსაწინააღმდეგო რაკეტები, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარ HIMARS-ისთვის განკუთვნილი 2000 რაკეტა და ასევე ATACMS-ის მიწა-მიწა კლასის ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც მიზნის განადგურება 300 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლიათ.

ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ და ვერხოვნა რადის თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ ზაბროდსკიმ უკრაინულ მედიაში გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ომში გარდამტეხი მომენტი შეიძლება იმ შემთხვევაშიც დადგეს, თუ უკრაინელებს უფრო შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებული სისტემები ექნებათ.

  • მაისში ვაშინგტონმა უარი თქვა კიევისათვის შორი რადიუსის მოქმედებების სარაკეტო სისტემების გადაცემაზე იმის შიშით, რომ უკრაინა ასეთი შეიარაღებით შეძლებდა დარტყმების განხორციელებას რუსეთის ტერიტორიაზე.
  • The Wall Street Journal-ის თანახმად, რუსეთის მიერ წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომის განმავლობაში აშშ-მა უკრაინის შეიარაღებასა და სხვა სახით დახმარებაზე 15 მილიარდი დოლარი დახარჯა.
  • 8 სექტემბერს გერმანიაში მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის კიდევ 675 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას. მისი ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 105-მილიმეტრიან ჰაუბიცებს, საარტილერიო ჭურვებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), ტანკსაწინააღმდეგო და ცეცხლსასროლ იარაღს და ა.შ.
XS
SM
MD
LG