Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში წარადგინეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეკომენდაციები


ფოტო არქივიდან: ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინაში. 1 ივლისი, 2022 წელი
ფოტო არქივიდან: ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინაში. 1 ივლისი, 2022 წელი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა და ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კიევში წარადგინეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეკომენდაციები, რომლებიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით შეიქმნა.

ავტორები გამოდიან ინიციატივით, შეიქმნას უსაფრთხოების შესახებ კიევის ხელშეკრულება - სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დოკუმენტი უკრაინასა და გარანტორ ქვეყნებს გააერთიანებს.

რა წერია რეკომენდაციებში:

  • უკრაინამ უნდა მიიღოს აგრესორისგან თავდაცვის შესაძლებლობა გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად („თავდაცვის უფლების შესახებ“). რისთვისაც უკრაინას ძლიერი შეიარაღებული ძალების შესანარჩუნებლად რესურსები სჭირდება.
  • ასეთი რესურსების ფლობისთვის კიევს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში მრავალწლიანი ინვესტიცია ესაჭიროება - მოკავშირეებისგან იარაღის გადაცემა და სადაზვერვო მხარდაჭერა, ევროკავშირისა და ნატოს ეგიდით ერთობლივი წვრთნები.
  • უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს „მკაფიოდ ფორმულირებული“ და „ეყრდნობოდეს ვალდებულებათა რიგს“, რომელსაც გარანტორთა ჯგუფი უკრაინასთან ერთად იტვირთებს. ისინი სავალდებულო უნდა იყოს შესასრულებლად იურიდიულად და პოლიტიკურად, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მაგრამ გაერთიანდეს ერთობლივი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ქვეშ სახელწოდებით - კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულება.
  • პოტენციური შეთანხმება გააერთიანებს მოკავშირე ქვეყნების ჯგუფსა და უკრაინას. გარანტორი სახელმწიფოების ჯგუფში შეიძლება შევიდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, პოლონეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრალია, თურქეთი, ასევე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.

როდესაც ეს ომი დასრულდება, ჩვენ უნდა შევქმნათ გარანტია, რომ რუსეთი ვეღარასოდეს შეიჭრას უკრაინაში. ამის საუკეთესო საშუალებაა, რომ უკრაინას ჰქონდეს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა, რომლითაც რუსეთის ნებისმიერ სამომავლო თავდასხმას გაუმკლავდება“, - განაცხადა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ანდრი ერმაკის თქმით, უნდა დარწმუნდნენ, რომ სლოგანმა - „ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ“ - რუსებს შორის პანიკური შეტევები და ცუდი მოგონებები გამოიწვიოს“, რომ მათი პასუხი იყოს - „აღარასდროს!“ .

„ამისათვის ჩვენ გვჭირდება საკმარისად ძლიერი სამხედრო ძალა, რათა ხელი შეეშალოს რუსების შურისძიების სურვილს და ასეთი დაუძლეველი სურვილის შემთხვევაში შეეძლება აგრესორს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. უსაფრთხოების გარანტიები მიმართულია იქითკენ, რომ დაგვეხმაროს ასეთი ძალის შექმნაში“, - განაცხადა ანდრი ერმაკმა.

ამასთან, მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პოტენციური შეთანხმება უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების შემცვლელი არ არის, რომელი კურსიც უკრაინის კონსტიტუციითა გარანტირებული. ეს იქნება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალება, ნატოში გაწევრიანებამდე.

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხის განხილვა ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის სანაცვლოდ, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების იმ პროცესის საგანი იყო, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე დაიწყო. თუმცა 29 მარტს სტამბოლში, თურქეთის შუამავლობით, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პროცესი ფაქტობრივად ჩაიშალა.

ამასთან, უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ კვლავ აგრძელებენ სხვა სახელმწიფოებთან უსაფრთხოების გარანტიების საკითხის განხილვას.

XS
SM
MD
LG