Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეოკუპირებული ქალაქი იზიუმი მოინახულა


ვოლოდიმირ ზელენსკი იზიუმში უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად
ვოლოდიმირ ზელენსკი იზიუმში უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ქალაქ იზიუმს ეწვია და განაცხადა, რომ იზიუმის მსგავსად, უკრაინის არმია ყველა ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქსა და სოფელს გაათავისუფლებს.

"ადრე, როდესაც მაღლა ვიყურებოდით, ყოველთვის ლურჯ ცას ვეძებდით. დღეს, როდესაც მაღლა ვიყურებით, მხოლოდ ერთ რამეს ვეძებთ - უკრაინის დროშას. ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა იზიუმის თავზე ფრიალებს. და ასე იქნება ყველა უკრაინულ ქალაქსა და სოფელში. ჩვენ ვმოძრაობთ მხოლოდ ერთი მიმართულებით - წინ, გამარჯვებისკენ!", - განაცხადა იზიუმში უკრაინის საჰაერო-სადესანტო დანაყოფით გარშემორტყმულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

25-ე ცალკეული სიჩესლავის საჰაერო-სადესანტო ბრიგადის ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა უკრაინული ქალაქის გათავისუფლებისთვის და პატივი მიაგო სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნას.

გასულ შაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ორი რეგიონიდან თავისი ძალების გაყვანის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა თქვა, რომ მოხდება „ჯარების გადაჯგუფება ბალაკლიასა და იზიუმის რაიონებიდან დონეცკის რეგიონში“. კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნების მისაღწევად", რომელიც მოითხოვს "ძალისხმევის გაზრდას დონეცკის მიმართულებით".

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავისი სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში თქვა, რომ რუსულმა ძალებმა "კარგი გადაწყვეტილება" მიიღეს, რომ გაიქცნენ. ზელენსკიმ 10 სექტემბერს გამოაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის 2 ათასი კვადრატული კილომეტრი.

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში ამჟამად "ძალიან რთული" ჰუმანიტარული მდგომარეობაა. ამის შესახებ იზიუმის საკრებულოს დეპუტატმა მაქსიმ სტრელნიკმა 13 სექტემბერს რადიო თავისუფლებასთან კომენტარში განაცხადა. მისი თქმით, ასევე არსებობს პრობლემები საკვებთან და ჰიგიენურ პროდუქტებთან დაკავშირებით, მაგრამ დეპუტატი იმედოვნებს, რომ ისინი "ძალიან მალე გადაიჭრება". გარდა ამისა, დაგეგმილია იზიუმში რუსული არმიის მიერ განადგურებული გათბობის სისტემების სწრაფად აღდგენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG