Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სასჯელით ვერ გადაიხდის ნიკოლოზი მორალურ და ზნეობრივ საფასურს" - ნელი დოროყაშვილის ჩვენება


ნელი დოროყაშვილი
ნელი დოროყაშვილი

საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავა დღესაც მისი ყოფილი ცოლის ნელი დოროყაშვილის გამოკითხვითა და მტკიცებულებების შესწავლით გაგრძელდა.

"როგორ სასჯელს გამოიყენებს სასამართლო და მოსამართლე, ამით ვერანაირად ვერ მოხდება კომპენსირება ჩემთვის, ამით ვერ გადაიხდის ნიკოლოზი მორალურ და ზნეობრივ საფასურს. იმას, რაც მე დამემართა, ამით ვერ ამინაზღაურებს ვერავინ. ნიკოლოზმა უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულებებზე", - უთხრა ნელი დოროყაშვილმა ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ.

დაზარალებულს დღევანდელ, 14 სექტემბრის სხდომაზე პროკურორი უსვამდა კითხვებს. პასუხად ნელი დოროყაშვილი აღწერდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდს.

ერთ-ერთი ვიდეომტკიცებულების წარდგენის შემდეგ მან გაიხსენა, რომ ვინაიდან ქმარზე ფინანსურად დამოკიდებული იყო, ნიკოლოზ ბასილაშვილი ამით მანიპულირებდა:

"სავაჭრო ბარათს, სადაც ჩვენი საოჯახო ბიუჯეტი იყო, მათ შორის ბავშვის ხარჯები, ნიკოლოზი აკონტროლებდა, მის გარეშე ამ ბარათს ვერ გამოვიყენებდი.

როდესაც რაიმე სახის კონფლიქტი იყო, ის ბლოკავდა ამ ბარათს ისე, რომ არ მაფრთხილებდა, ბლოკავდა ჩემი დასჯის მიზნით. ხშირად იყო, როდესაც წამიყვანია ბავშვი ექიმთან, აფთიაქში მივსულვარ, სუპერმარკეტში, მიყიდია ნივთები და რომ ადებ ბარათს და ვერ იხდი. ეს ხშირი იყო. ამას ბევრი ადამიანი შესწრებია და მიწევდა ახსნა.

ნიკოლოზს უნდოდა, რომ მას შევხვეწებოდი 1 კვირა, 2 კვირა, რომ იქნებ მოეხსნა ბლოკი, რაც ადამიანის ღირსებას შეურაცხყოფს... ვხვდებოდი, რომ ამას აკეთებდა ჩემი მანიპულაციისთვის, ვცდილობდი არ დამეძალებინა ბლოკის ახსნა. ვცდილობდი ფული მესესხა მეგობრებისგან, მშობლებისგან".

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც 3 საათს გააგრძელდა, პროკურორმა წარადგინა ფოტო-, აუდიო- და ვიდეომტკიცებულებები. ამ მასალების კომენტირებისას ყოფილმა მოდელმა ნელი დოროყაშვილმა ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ ამცირებდა ქმარი გარეგნობის გამო:

"ვუხსნი [ნიკოლოზს], შენ ხომ აკეთებ საყვარელ საქმეს, შენ ხომ ხარ რეალიზებული, რატომ არ გინდა, მე ვიყო რეალიზებული?!... აქ [დაზარალებულს მხედველობაში აქვს ის ჩანაწერი, რომელსაც პროკურორის თხოვნით კომენტარს უკეთებდა - რ.თ.] მეუბნება და მაჯერებს, რომ შენ ხარ უშნო, მახინჯი, შენი სახის კანი მახინჯია, გაქვს მოტყლარწული ტანი, არ გამოდგები სამოდელოდ.

მახსოვს, მჯეროდა, რომ ვიყავი ძალიან მახინჯი და ჩემზე უშნო არავინ იყო. მართლა მჯეროდა ამის. ძალიან ბევრი მუშაობა დამჭირდა ჩემ თავზე, რომ დამებრუნებინა ჩემი პიროვნება. საერთოდ არ ვიყავი პიროვნება. ჩემი აზრი აღარ გამაჩნდა. ფიზიკური ძალადობა იმ მომენტში გტკივა და მეორე დღეს შეიძლება აღარ გტკიოდეს, მაგრამ როცა თავმოყვარეობას, ღირსებასა და პიროვნებას ეხება, როცა არარაობად გრძნობ თავს, ეს არის ყველაზე რთული. როცა ყოველდღიურად გიწევს მტკიცება, რომ შენ არაფერს აშავებ, მაგრამ მუდამ დამნაშავის როლში ხარ".

სასამართლო პროცესზე მან მოჰყვა ისიც, რომ ქმარმა სიგარეტის მოწევის გამო მამამთილთან დააბეზღა:

"სიგარეტით ორჯერ დამინახა და ძალიან ცუდ კონფლიქტამდე მივედით. მახსოვს ერთხელ მამამისთან მივიდა, თითქოს 2 წლის ბავშვი ვიყავი და "იცი, ეს ქალბატონი სიგარეტს ეწევაო". მთელი ოჯახი მკიცხავდა, როგორც 2 წლის ბავშვს. დამაყენა კუთხეში და მლანძღა. იმ მომენტში მეგონა, რომ ეს იყო სერიოზული დანაშაული".

ერთ-ერთ გამოკვლეულ ვიდეომასალაში, რომელიც პროკურორმა წარადგინა, ისმის ქალის ატირებული ხმა: "რატომ მირტყამ, გამაგებინე...". ვიდეოში არ ჩანს გამოსახულება და არ ისმის კაცის ხმა.

ნელი დოროყაშვილმა მოყვა, რომ კონფლიქტის დროს ეკითხებოდა, რას აშავებდა და ბასილაშვილი არ პასუხობდა. იგი, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდზეც საუბრობს:

"ხშირად ხდებოდა, რომ ნიკოლოზი ძალადობების შემდეგ შედიოდა ტუალეტში, კეტავდა კარს და რთავდა მუსიკას მაღალ ხმაზე. ეს შეიძლებოდა ნახევარ საათს, ერთ საათს გაგრძელებულიყო. განსაკუთრებით, თუ შემამჩნევდა, რომ მე ვტიროდი და ვიყავი ძალიან ცუდად...

იმ მომენტში ვეუბნები, ვიკვლევ მიზეზს. იმდენად შეჩვეული ვიყავი ფიზიკურ ძალადობას, ახლა რომ ვუსმენ, ცუდად მხვდება ყურში. რატომ სჭირდება მიზეზის გამოკვლევა იმას, რომ ადამიანი გირტყამს. მე ვეუბნებოდი, რატომ მირტყამ? უსამართლოდ მირტყამ. იმდენად მიჩვეული ვიყავი ფიზიკურ ძალადობას, თითქოს სამართლიანი დარტყმა და არაადამიანური მოპყრობა უკვე ნორმა იყო ჩემთვის".

ნელი დოროყაშვილმა ასევე გაიხსენა, რომ 2017 წელს ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას ფორმალური განქორწინება სთხოვა იუსტიციის სახლში, თუმცა უთხრა, რომ ამის მიუხედავად ერთად ცხოვრება გაეგრძელებინათ. დოროყაშვილის თქმით, ეს მისთვის მიუღებელი იყო და უარი თქვა. მისი შეფასებით, ბასილაშვილს მასთან ცხოვრების გაგრძელების ილუზიის შექმნა "რეპუტაციის გამო" უნდოდა.

დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა თავად ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ფაქტობრივად მისი პოზიცია ამ სხდომაზე არ გაჟღერებულა, რადგან ბრალდება დღეს კითხვებს მხოლოდ დაზარალებულს უსვამდა.

პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა ჩოგბურთელის ადვოკატმა და თქვა, რომ ნელი დოროყაშვილს "შურისძიება ამოძრავებს" და ყველანაირად ცდილობს ბასილაშვილს გაუნადგუროს კარიერა.

"ნიკოლოზი თუ გადაწყვეტს, რომ მისცეს ჩვენება, რა თქმა უნდა, ის იქნება დახურული და ნელი დოროყაშვილისგან განსხვავებით, შოუს არ დადგამს", - განაცხადა ირმა ჭკადუამ პროცესის დასრულების შემდეგ. ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე, ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ადვოკატი, დღევანდელი სხდომის დახურვასაც ითხოვდნენ.

27 სექტემბერს ნელი დოროყაშვილს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები დაკითხავენ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG