უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში გრძელდება სარაკეტო დარტყმის შედეგად მდინარე ინგულეცზე მდებარე წყალსაცავის დაზიანებული დამბის აღდგენა.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, დაზუსტებულია, რომ 14 სექტემბერს, საღამოს, რუსმა სამხედროებმა კრივოი-როგის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე რაკეტებით „კინჟალი“ და „ისკანდერი“ განახორციელეს შეტევა, რომლის შედეგად, მდინარის სხვადასხვა მონაკვეთზე წყლის დონემ თითქმის 2 მეტრით მოიმატა. რეზნიჩენკოს თანახმად, წყალმა დაფარა 112 სახლი და ეზო. ამ ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, დღეს დილისთვის წყლის დონემ 13 სანტიმეტრით დაიწია.
14 სექტემბერს, ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მშობლიურ ქალაქ კრივოი-როგზე სარაკეტო დარტყმების გამო რუსეთს კვლავ უწოდა ტერორისტი სახელმწიფო და ქალაქის ჩაძირვის მცდელობაში დაადანაშაულა.